მეორადი ავტონაწილების ბიზნესი კატასტროფის ზღვარზეა

რეალიზაცია 80%-ით შემცირდა, ელიავას ბაზრობაზე მუშაობამ აზრი დაკარგა

მეორად ავტონაწილებზე მოთხოვნა 70-80%-ით შემცირდა. ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები ამბობენ, რომ დიდ კრიზისში არიან და რეალიზაცია თითქმის შეჩერდა. ავტონაწილებზე მოთხოვნის კატასტროფულ კლებას ისინი აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით ექსპორტის შეზღუდვას უკავშირებენ. რაც ავტოიმპორტიორებს მანქანები აღარ გაჰყავთ, ავტობაზრობაზე მოთხოვნა ერთბაშად დაეცა. კიდევ ერთი მიზეზი, რამაც რეალიზაციაზე ცუდად იმოქმედა, მოვაჭრეების ვარაუდით, კონკურენციაა. ისინი ფიქრობენ, რომ ახალი ბაზრობებისა და მაღაზიების მომრავლებამ ელიავას ბაზრობას სერიოზული პრობლემა შეუქმნა. არ არის გამორიცხული, მალე ელიავას ბაზრობის საავტომობილო განყოფილების ყოფნა-არყოფნის საკითხიც დადგეს.

"ბიზნეს-რეზონანსი" შეეცადა, გაეგო, რა ხდება მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე, როგორია მოთხოვნა დაშლილი მანქანების მიმართულებით, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინ ბუმი იყო, რა პრობლემა აქვთ მოვაჭრეებს და რა არის ამის მიზეზი?

ელიავას ბაზრობაზე მისულებს გაცილებით მეტი პრობლემა დაგვხვდა, ვიდრე ეს წარმოგვედგინა. გარდა იმისა, რომ რეალიზაცია ჭირს, მეორადი ავტონაწილების სეგმენტი დილემის წინაშეა - შეინარჩუნებს სარეალიზაციო ადგილს თუ ბაზრიდან მოუწევს გასვლა. მოვაჭრეები არსებულ პრობლემას, გარკვეულწილად, პოლიტიკურ პროცესებსაც უკავშირებენ. მათი განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დროიდან მუდმივი პრობლემა აქვთ და გაუმჯობესების ნაცვლად, საქმე უარესობისკენ წავიდა.

"ბაზრობას ასეთი ცუდი პერიოდი არ ახსოვს. ომის დროსაც კი ვყიდდით ავტონაწილებს. რაც ახლა ხდება, საერთოდ აუხსნელია. რა უნდა გითხრათ? ამ საქმიანობით ოჯახში უკვე პურის ფულიც ვერ შეგვაქვს. მთელი დღე მშივრები ვმუშაობთ და საღამოხანს ზოგი ჩვენგანი ჯიბეცარიელი ბრუნდება სახლში. ხალხი აღარ შემოდის, არავის აინტერესებს მეორადი ავტონაწილები. ამხელა ბაზრობა ტაქსისტების იმედად დარჩა. ხანდახან ისინი შემოგვივლიან და ორიოდე რაღაცას იყიდიან, ეს არის და ეს. უკიდურესი აუცილებლობა თუ არ მოითხოვს, მძღოლების უმეტესობა სათადარიგო ნაწილს არ ყიდულობს. რაც ახალი მთავრობა მოვიდა, ჩვენი საქმე უარესობისკენაა. ბოლო ერთი წელია, ჩვენი ბაზრობის არსებობაც საეჭვო გახდა. ამდენს ვშრომობთ და ჩვენი საქმიანობის მიზანს ვერ ვხედავთ",-აცხადებს გელა როხვაძე, მოვაჭრე.

მისი კოლეგა ვაჟა ბირკაძე ამბობს, რომ ელიავას მეორადი ავტონაწილების ძირითადი მომხმარებელი აზერბაიჯანელი ავტოიმპოტრიორები იყვნენ. "საერთოდ აღარაფერი იყიდება, კრიზისი გვაქვს. არ ვიცი, როდემდე გავძლებთ ასეთ მდგომარეობაში. როდესაც აზერბაიჯანში ავტომობილები შეუფერხებლად გაყავდათ, რეალიზაცია არ გვიჭირდა. მინიმუმ 50 კლიენტი მყავდა, რომელიც სისტემატურად სარგებლობდა ამ მომსახურებით. საბოლოოდ ვერც ერთი შევინარჩუნე. შემთხვევითი მომხმარებლების იმედად დავრჩით, ყველაზე ხშირად ტაქსისტები გვაკითხავენ. მათი ხელშეწყობითაა, რომ აქაურობა ჯერ კიდევ სულდგმულობს. თავის დროზე აზერბაიჯანელ და სომეხ ავტოიმპორტიორებს მეორადი ავტონაწილები შეძენილ ავტომობილთან ერთად გაჰქონდათ. ფაქტობრივად, არავინ მიდიოდა ცარიელი, მეორადი ავტონაწილებით დატვირთული ავტომობილები გაჰყავდათ. დღეს ასეთი რამ წარმოუდგენელია. რეალიზაცია განახევრებულია და უფრო მეტადაც არის დაკლებული - სადღაც 70-80%-ის ფარგლებში, რაც ბაზრობისთვის კატასტროფაა. თითო მანქანიდან სულ ცოტა 500 დოლარი გვრჩებოდა, ახლა 200 დოლარიც აღარ გამოგვდის", - აღნიშნა ვაჟა ბირკაძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

მოვაჭრეების ინფორმაციით, მოთხოვნის კლება თითქმის ყველა მოდელის ავტონაწილს ეხება. ზოგადად კი, სავალი ნაწილები უფრო იყიდება, ვიდრე - ძრავის. ფასი ხარისხიდან და საჭიროებიდან გამომდინარეობს - 5-10 ლარიდან დაწყებული 1000 ლარსაც აჭარბებს.

გრიშა დანელიას თქმით, ელიავას ბაზრობაზე, ძირითადად, გერმანიიდან ჩამოტანილი ავტონაწილები იყიდება. "თხუთმეტ წელზე მეტია, ელიავას ბაზრობაზე ვმუშაობ. ბოლო დრომდე "ოპელის" ნაწილებით ვვაჭრობდი, მაგრამ საქმე ცუდად წამივიდა, საერთოდ ვერ ვიმუშავე. "მაზდის" ნაწილები შევისყიდე, ამან უფრო გაამართლა. ყველაფერი ფუჭებადია, ზოგიერთ ახალს მეორადი სჯობს ხარისხით. მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა მოთხოვნა საბურავებზე, ფასი 20 ლარიდან იწყება და 200 ლარამდეა. უფრო მაინც გერმანული წარმოების ავტონაწილები იყიდება. ადრე იმპორტიორებს გაჰქონდათ და ამით ვსულდგმულობდით, ახლა მყიდველის დეფიციტია. ყველაფერს აზერებს და სომხებს ვერ დავაბრალებთ. მართალია, ბაზრიდან მათი გასვლა დაგვეტყო, მაგრამ ეს ერთადერთი მიზეზი არ არის. პრობლემა ცუდმა ცხოვრებამაც მოიტანა. სადაც უნდა გაიხედო, გაჭირვებაა და როცა ქვეყანაში ასეთი სოციალური ფონია, იქ ბიზნესის კეთება ძალიან ჭირს, მით უმეტეს, ჩვენთვის, რადგან საშუალო ფენაზეა გათვლილი. მოსახლეობის ამ კატეგორიას მდგომარეობა არასახარბიელო აქვს, ხალხი გაღარიბების ზღვარზეა",- ამბობს გრიშა დანელია.

ლაშა ჯღარკავას აზრით კი, არსებული პრობლემა, სხვა ფაქტორთან ერთად, კონკურენციამაც განაპირობა."ბოლო დროს ბაზარზე მეტი შემომტანია. რამდენიმე ასეთი ბაზრობა არის ისანში, დიღომში, ფეიქრების ქუჩაზეც და სხვა. არაფერს ვამბობ წვრილ მაღაზიებზე, რომლებიც ძალზე მომრავლდნენ. კონკურენცია დიდია და ეს რეალიზაციაზე ყოველთვის აისახება. ნაწილი ბევრია, მანქანა - ცოტა. მაგალითად, დღეს ვერაფერი გავყიდე. ადრე რეალიზაციის განახევრებაზე ვჩიოდით, ახლა უფრო დაბლა ჩამოვედით. ამასთან, შესასყიდი ფასი გაიზარდა, დოლარის კურსი თამაშობს და მოგების განსაზღვრაც გვიჭირს. ვაჭრობამ აზრი დაკარგა. მოსახლეობის ჯიბე ცარიელია და პრობლემაც აქედან მომდინარეობს. ასე თუ გაგრძელდება, ჩვენი საქმიანობა შედეგს ვერ მოგვცემს და არც ელიავას ბაზრობის საჭიროება იქნება ქვეყანაში",- დასძენს მოვაჭრე.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"