"სენტა პეტროლიუმმა" ბაზარზე 1.5-ლარიანი დიზელის საწვავის რეალიზაცია დაიწყო

"სენტა პეტროლიუმმა" ბაზარზე 1.5-ლარიანი დიზელის საწვავის რეალიზაცია დაიწყო

აღნიშნულ ფასში კომპანია დიზელის ტიპის საწვავს ბათუმსა და ქუთაისში უკვე ყიდის. აღნიშნული ინფორმაცია "სენტას" დამფუძნებლებმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე გააჟღერეს, რომელსაც თბილისის მერი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები და ეკონომიკის ექსპერტები დაესწრნენ. ზაალ იაკობიძის განმარტებით, კომპანია უწინდელ ფილოსოფიას ინარჩუნებს და საწვავის რეალიზაციას შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დაბალ ფასში გეგმავს. საცალო ქსელში „სენტა“ ჯერჯერობით ბათუმსა და ქუთაისში ოპერირებს. თებერვალში ამ ქალაქებს თბილისიც შეემატება. რაც შეეხება საბითუმო ბაზარს, „სენტას“ შემოტანილი აქვს დიზელის საწვავი და მის რეალიზაციას ახდენს.

"წინა პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც იმ კომპანიების მიერ შეუძლებელი იყო საწვავის შემოტანა, რომლებიც ნაციონალური ხელისუფლების ფავორიტები არ იყვნენ, ახლა საკმაოდ კონკურენტუნარიანი გარემოა შექმნილი და ბიზნესის კეთებას უკვე აზრი აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მთელი ქონება, რომელიც კეზერაშვილის თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით კომპანია "გალფმა" მიითვისა, ამ ეტაპზე ჩვენ არ არ გვაქვს შესაძლებლობა საცალო ბაზარზე უწინდელი სიმძლავრეებით მოვახდინოთ ოპერირება. თუმცა ველით სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს წართმეული ქონება მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება. მანამდე კი ისევ ნულიდან გვიწევს ყველაფრის დაწყება. ბათუმისა და ქუთაისის შემდეგ თებერვლისთვის ჩვენ თბილისშიც გავხსნით ავტოგასამართ სადგურს. რაც შეეხება ფასებს და ჩვენს ფილოსოფიას, ის დღესაც უცვლელია – „მოგების მოკრძალებული მარჟები და მაქსიმალური გაყიდვები,“ - განაცხადა "სენტა პეტროლიუმის" თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ზაალ იაკობიძემ.

თავის მხრივ, პრეზენტაციაზე თბილისის მერმა კომპანიას წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ წარმატებული ბიზნესი ბევრ დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს და ხელისუფლება ყოველთვის უნდა დაეხმაროს ასეთ ადამიანებს. „ამ პრეზენტაციაზე კარგად ჩანს, როგორ შეიძლება დიდი შრომის წყალობით, კომპანიამ ნოლიდან დაიწყოს ყველაფერი და მიაღწიოს წარმატებას. ყველას გვახსოვს ის ავადგასახსენებელი წლები, როდესაც კომპანიას წარმატებას არ პატიობდნენ, თუ მათიანი ან მათი გუნდის წევრი არ იყავი. ყველამ ვიცით, როგორ მთავრდებოდა ასეთ შემთხვევებში. და "სენტაც" ამ მხრივ გამონაკლისი როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სამართლიანობა აღდგა და თქვენ შეძელით, რომ სააშკარაოზე გამოგეტანათ ეს ყველაფერი, მთავარი არის ის, რომ ხელისუფლება მინიმალურად ჩაერიოს ბიზნესში. გისურვებთ წარმატებას და ყოველთვის მიგულეთ თქვენ გვერდით“, - განაცხადა ნარმანიამ.

"სენტა" თბილისის გარდა საქმიანობის განვითარებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც გეგმავს და იმედი აქვს, რომ ამაში "გალფთან" სასამართლო დავის მოგებაც დაეხმარება. ამჟამად "სენტა", საცალო ქსელში ბათუმსა და ქუთაისში დიზელის საწვავს - 20, ხოლო ბენზინს 10-15 თეთრით იაფად ყიდის. "სენტას" გარშემო წარსულში განვითარებული მოვლენების შესახებ იაკობიძე აცხადებს, რომ მას და მის პარტნიორს, დავით მიმინოშვილის კუთვნილი კომპანია, ამჟამად ძებნილმა დავით კეზერაშვილმა, იძულებით, მესამედ ფასში დაათმობინა. რაც შეეხება მათთვის ვითომდაც გადახდილ 22 მილიონ დოლარს "სენტას" დირექტორის განცხადებით მათ ეს თანხა რეალურად არ მიუღიათ.

„12 მილიონი ბანკების კრედიტების დასაფარად წავიდა. 4 მილიონი კი კომპანიის იძულებით გადაფორმების პროცესში წარმოქმნილი მოგების გადასახადში. დარჩენილი თანხა 6 მილიონი, წელიწად-ნახევრის შემდეგ მოგვცეს, მაგრამ ისიც არ შეგვარჩინეს. საქმე შეკერეს და გლდანის ციხეში გაგვამწესეს. ციხიდან თავის დახსნაში გირაოს სახით 4 მილიონი გადაგვახდევიდეს. დარჩენილ 2 მილიონად კი აუქციონზე 128 მეტრის მიწის ნაკვეთი გვაყიდინეს ახალციხის სოფელ ჭვინთაში,“ - განაცხადა ზაალ იაკობიძემ.

(R)