ავტობაზარს მსუბუქმა პანიკამ ორგზის გადაუარა

საბოლოოდ ვითარება უცვლელი დარჩა - რთული და ძნელად პროგნოზირებადი

სავალუტო ცვლილებების გამო, ავტომობილების ქართულ ბაზარს მსუბუქმა პანიკამ ორგზის გადაუარა. პირველად - 2014 წლის ნოემბერში, როდესაც ლარის ვარდნამ მოსახლეობაში აჟიოტაჟი გამოიწვია და მოსალოდნელი კრიზისის შიშით ავტომანქანების შეძენა დაიწყო. ბაზარი ამან ცოტათი გამოაცოცხლა, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით. იანვრის შუა რიცხვებიდან კი მანქანების რეალიზაცია თითქმის შეჩერდა და იმ ვითარებაში აღმოჩნდა, როგორშიც ნოემბრამდე იყო.

დილერები ამ ფაქტს საგანგაშოდ არ მიიჩნევენ. ისინი აცხადებენ, რომ პრობლემები ისედაც ჰქონდათ და სავალუტო კურსის ვარდნას მდგომარეობა არსებითად არ შეუცვლია. ვითარება მეტ-ნაკლებად საწვავზე ფასის შემცირებამ დააბალანსა. ეს უკანასკნელი ფაქტორი სტაბილურობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი აღმოჩნდა. იმპორტიორების განცხადებით, ბოლო დრომდე რეალიზაცია ისედაც შემცირებული იყო და ამ მხრივ ლარის გაუფასურებას მდგომარეობა დიდად არ შეუცვლია. მათი თქმით, ავტობიზნესში სიტუაცია კვლავ არასახარბიელოა.

კომპანია ”რობანი მოტორსის” დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე საუბრობს რამდენიმე მიზეზზე, რამაც ავტომობილების გაყიდვას საფრთხე შეუქმნა. მეზობელ ქვეყნებში იმპორტთან დაკავშირებული შეზღუდვის გამო ავტობაზარი ისედაც დაზარალდა. ამას დაემატა მძიმე სოციალური ფონი ქვეყანაში და მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი შესუსტდა.

”კურსის მკვეთრი ცვლილება გაყიდვას ყოველთვის საფრთხეს უქმნის. გაცილებით ცუდ სიტუაციას ველოდით, მაგრამ საწვავის გაიაფებამ რეალიზაციას მცირე ბიძგი მისცა. ასეთ პერიოდში მომხმარებელი განსაკუთრებით აქტიურია, მაგრამ ლარის ვარდნამ ეს პროცესი შეასუსტა. საწვავის სიიაფეს გაყიდვაზე საგრძნობი გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ მყიდველს ცოტა სტიმული მაინც მისცა. ლარის კურსის დაბალანების შემთხვევაში, გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნებოდა. ჯერჯერობით მოხერხდა ის, რომ ტენდენცია შენარჩუნდა, ანუ დარჩა ისეთივე რთული, როგორიც აქამდე იყო. ისედაც გაუარესებული მდგომარეობა იყო და უფრო მეტად არ დამძიმებულა. ეს, რა თქმა უნდა, საწვავის ფასის წყალობით. ზოგადად, ცუდი სიტუაციაა, სასიკეთო ცვლილება არ ჩანს და არც გვაქვს ამის მოლოდინი. მთავრობა აღებული კურსით თუ გააგრძელებს საქმიანობას, პრობლემა კიდევ დიდხანს გვექნება. სტიმულირების მიზნით, ბაზარს ხელშეწყობა სჭირდება. როდესაც ხალხს არ აქვს სამსახური, ხოლო დასაქმებულისთვის შემოსავალი მცირდება, ავტომობილის შეძენა ოჯახისთვის არ არის პრიორიტეტი”, - ამბობს ჯამაგიძე.

მისი ინფორმაციით ნოემბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის ბოლომდე რეალიზაციის უმნიშვნელო ზრდა შეინიშნებოდა, რაც კურსის ცვლილებით იყო გამოწვეული. ”მართალია, გაყიდვამ მოიმატა, მაგრამ ბაზარს ეს ცვლილება დიდად არ დასტყობია, იმდენად დიდი პრობლემის წინ აღმოვჩნდით. საქმე ისაა, რომ რეალიზაციის ზრდა ძვირადღირებულ ავტომობილებს არ შეეხო, ძირითადად, 2000-დან 5000 დოლარად ღირებული მანქანები გაიყიდა. მყიდველისთვის რომელიმე მოდელი პრიორიტეტი არ ყოფილა, მთავარი იყო როგორმე მოესწროთ, რადგან ხალხი ეროვნული ვალუტის მიმართ უიმედოდ განეწყო. ახალი წლის პირველივე კვირიდან, როგორც კი პანიკა ჩაცხრა, არასახარბიელო რეალობას დავუბრუნდით. ლარის კურსის გამო ხალხი ახლაც პანიკაშია, მაგრამ ეს პროცესი იმდენად გაიწელა, რომ რეალიზაციისთვის ვერ იქნება სტიმულის მიმცემი, პირიქით, უკვე პრობლემას გვიქმნის”, - აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე.

ავტოიმპორტიორთა განცხადებით, ავტომანქანების რეალიზაციაზე დაბეგვრის რეჟიმის სიმძიმეც მოქმედებს. ”შეიძლება, სხვა ქვეყნებს დაბეგვრის უფრო მძიმე რეჟიმი აქვთ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, იქ მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი მაღალია და ამ მხრივ არავის უჭირს. საქართველოში პირიქითაა, ხალხს არ აქვს შემოსავალი და 5000-დოლარიანი ავტომანქანის განსაბაჟებლად 1000 დოლარის გადახდას ბევრი ვერ ახერხებს. რთული სიტუაციაა, ვეჭვობ, წინასაახალწლო სეზონის გავლენა ავტობაზარს სასიკეთოდ დაეტყოს, პროცესების ასეთ განვითარებას არ ველოდები”,- აცხადებს რეზიკო ჯიბლაძე, ავტოიმპორტიორი.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ავტობაზარზე პრობლემები გაჩნდა 2014 წლიდან, რაც აზერბაიჯანმა ევრო 4-ის სტანდარტი დააწესა და ავტომობილების იმპორტი შეზღუდა. სულ ახლახან კი აზერბაიჯანის პარლამენტმა დაამტკიცა საგადასახადო კოდექსის ცვლილებები, რომლებიც რესპუბლიკაში იმპორტირებულ მსუბუქ ავტომობილებზე, იახტებსა და სხვა მცურავ საშუალებებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას გულისხმობს.

საქართველოში მოქმედი ავტოიმპორტიორები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანში იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის გაზრდა საქართველოს საავტომობილო ბაზარს კიდევ უფრო დააზარალებს. ცვლილების თანახმად, მსუბუქი ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი ძრავის მოცულობაზეა დამოკიდებული - 2000 კბ/სმ-მდე მოცულობის ძრავის მქონე მანქანების შემთხვევაში, ესაა 0,2 მანათი თითოეულ კბ/სმ-ზე. უფრო მეტი მოცულობის ძრავების შემთხვევაში კი გადასახადი სხვაგვარად დაიანგარიშება. იმპორტიორთა აზრით, აზერბაიჯანში იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის ზრდა საქართველოს ბაზარზე გავლენას მეტ-ნაკლებად მოახდენს, განსაკუთრებით კი დაზარალდებიან კერძო პირები, რომლებიც მანქანების იმპორტით არიან დაკავებულნი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”