ლომბარდებში ძვირფასეულობის დაგირავების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა

"ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხალხს მუჭა-მუჭა ოქრო მოაქვთ და აგირავებენ"

ბოლო ერთი კვირაა, რაც ლომბარდებში ძვირფასეულობის დაგირავების მსურველთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ამ ფაქტს ლომბარდის თანამშრომლები მძიმე სოციალური ფონით, ახალი წლის დღესასწაულებით და ლარის მსყიდველობითი უნარის შემცირებით ხსნიან.

ლომბარდები ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ის ბიზნესია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლის მიღმაა დარჩენილია და როგორც ექსპერტები უწოდებენ, ველური წესებით მუშაობს. შესაბამისად, ლომბარდის მეპატრონეები არც სახელმწიფოს წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი და კომერციული საიდუმლოს შენახვის საბაბით არ ასაჯაროებენ ინფორმაციას მათ მიერ გაცემული სესხებისა და მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ. ის, რომ ბოლო დროს მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა სალომბარდე სესხებზე გაიზარდა, Bpn.ge-ს რამდენიმე ლომბარდში დაუდასტურეს. ”მოსახლეობამ საახალწლოდ ბევრი ხარჯი გასწია, ამას დაემატა ზამთრის შვებულება, ლარის გაუფასურება, რამაც დოლარში აღებული ვალდებულებების ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა და ამ ყველაფერმა ერთად ალბათ უბიძგა მოსახლეობას სალომბარდო სესხის აღების საჭიროებისკენ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხალხს მუჭა-მუჭა ოქრო მოაქვთ და აგირავებენ. ზოგს ფული პირველადი საჭიროებისთვის სჭირდება, ზოგსაც სესხის დასაფარად”,- გვითხრეს ერთ-ერთ ლომბარდში.

მოთხოვნის ზრდის პარალელურად, სალომბარდე ბიზნესი ფართოვდება და მათი რაოდენობა სწრაფად და თვალშისაცემად იზრდება. რაც შეეხება კონკურენციას, ლომბარდების ნაწილი ცდილობს, მომხმარებელი ჯარიმების არქონით მიიზიდოს, ზოგიც ძვირფასეულობის შეფასების მაღალი ტარიფით. საპროცენტო განაკვეთებს თუ გადავხედავთ, სესხის გაცემა თვიური 1,5%-დან 3%-მდე ხდება. აქაც, მნიშვნელობა აქვს რომელ ვალუტაში გსურთ სესხის მიღება. დოლარის შეთხვევაში პროცენტი იზრდება.

ლია ელიავა, საბანკო სისტემის ექსპერტი: ”ლომბარდებში ჩაბარებული ძვირფასეულობის ან სხვა სახის ნივთების რაოდენობის მატება იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე ეცემა. მსოფლიოში მიმდინარე ნეგატიური ეკონომიკური პროცესები საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზეც აისახება, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. ცივილურ ქვეყნებში სალომბარდო საქმიანობის შესახებ სპეციალური კანონი არსებობს. საქართველოში ასეთი კანონი არ არსებობს და უახლოეს მომავალში მისი მიღების პერსპექტივაც არ ჩანს. ასეთ შემთხვევაში ლომბარდები სახელმწიფო უწყების ან მარეგულირებელი ორგანოს წინაშე ანგარიშვალდებულნი იქნებიან. შესაბამისად, საზოგადოებას სრული ინფორმაცია ექნება მათ მიერ გაცემული სესხებისა და მომხმარებლების რაოდენობის შესახებ. დღეს კი ეს ბაზარი საკმაოდ ველური და დაურეგულირებელია. მართალია, ევროპაში გაწევრიანებას ვჩქარობთ, თუმცა, ურიგო არ იქნება სახელმწიფო ევროპული სტანდარტების დანერგვაზეც თუ იზრუნებს და მომხმარებელთა ინტერესებს კანონით დაიცავს”.

სალომე გოგოხია