გაყიდვების გურუ ბრაიან თრეისი თბილისში გაყიდვებისა და ლიდერობის თემაზე მასტერკლასს ჩაატარებს

ბრაიან თრეისი 21 თებერვალს თბილისს პირველად ეწვევა

”წარმატება შემთხვევით არ მოდის და განსაკუთრებული ნიჭის შედეგს არ წარმოადგენს. ჩვენი ცხოვრება ჩვენივე გადაწყვეტილებების შედეგია. თითოეულ ადამიანს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას და მოიპოვოს სიმდიდრე, ყველაფერი დამოკიდებულია მის სურვილსა და საკუთარი პოტენციალის გამოყენების უნარზე”, - ამ სიტყვების ავტორი, ცნობილი ბიზნეს კონსულტანტი, ტრენერი, წარმატების, თვითრეალიზაციისა და ლიდერობის თემაზე დაწერილი რამდენიმე ბესტსელერის ავტორი, ბრაიან თრეისი 21 თებერვალს თბილისს პირველად ეწვევა.

თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი მოტივაციური მრჩეველი, გაყიდვებისა და ლიდერობის თემაზე მასტერკლასს ”ექსპო ჯორჯიაში” გამართავს. 2015 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნეს ღონისძიება საქართველოში კომპანია ”სითი კონსალტინგის” ორგანიზებითა და ”ალიანს ჯგუფის”  წარდგინებით ხორციელდება.

როგორც bpn.ge-სთან ინტერვიუში „სითი კონსალტინგის“ დამფუძნებლი გუგა კობახიძე ამბობს, საქართველო 70-ე ქვეყანა გახდება, სადაც ცნობილი სპიკერი ერთდღიან მასტერკლასს ჩაატარებს:

- მასტერკლასი გაყიდვებზე და ლიდერობაზე ბრაიან თრეისის სავიზიტო ბარათია. აღნიშნული თემა ახლოს არის ჩვენს კომპანიასთანაც, გამომდინარე იქიდან, რომ „სითი კონსალტინგი“ გაყიდვების საკონსულტაციო და ტრენინგ კომპანიაა. ჩვენი მიზანია საზოგადოებასთან უფრო ახლოს მივიტანოთ გაყიდვების მნიშვნელობა, თუ რამდენად დიდი როლი აქვს გაყიდვებს კომპანიისა და ზოგადად ინდივიდების წარმატებაში.

- რატომ გადაწყვიტეთ არჩევანი სწორედ ბრაიან თრეისიზე შეგეჩერებინათ?

- ამისთვის რამდენიმე მიზეზი გვქონდა. გარდა იმისა, რომ მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმრჩეველია, ვფიქრობთ, ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპიკერია, რომელიც ფართო აუდიტორიებთან საკმაოდ წარმატებულად ატარებს მასტერკლასებს. ასევე როგორც უკვე აღვნიშნე, ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონსულტანტია (და სპიკერია) თემაზე - გაყიდვების მენეჯმენტი და ლიდერობა.

- ადვილად დათნხმდა თქვენს შეთევაზებას თუ საქართველოში მის ჩამოსვლას ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა წინ?

- მისი დათნხმება არც ისე ადვილი აღმოჩნდა, მოლაპარაკებები რამდენიმე თვეს გაგვიგრძელდა. საბოლოოდ, მაინც მივედით შეთანხმებამდე, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდა. თავდაპირველად, გვინდოდა ორდღიანი მასტერკლასის ჩატარება, თუმცა ბრაიან თრეისის გადატვირთული კალენდრის გამო, თბილისში მხოლოდ ერთდღიანი მასტერკლასი ჩატარდება, რომელსაც 450-მდე მსმენელი და 30-მდე მოხალისე სტუდენტი დაესწრება.

- რატომ უნდა დაესწროს მსმენელი ბრაიან თრეისის მასტერკლასს და რას მისცემს ეს ქართველ მსმენელს?

- არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა დაესწროს მსმენელი თრეისის მასტერკლასს: პირველ რიგში, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ასეთი დონის სპიკერისა და ტრენერის მასტერკლასი საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა, მეორე - აღნიშნული მასტერკლასი ეხება ისეთ აქტუალურ თემას, როგორიც არის გაყიდვები. ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები გაიზიარებენ იმ გამოცდილებას, რომელმაც არა ერთი კომპანია (როგორც შტატებში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში) მიიყვანა წარმატებამდე. მსმენელებს ექნებათ საშუალება შეიძინონ ახალი კონტაქტები, რომელიც დაეხმარებათ მომავალი ბიზნესურთიერთობების განვითარებაში. ბრაიან თრეისის ლექციები აგებულია, როგორც პრაქტიკულ, ასევე 25 წლიან თეორიულ ცოდნასა და კვლევებზე. ვფიქრობ, ეს მიზეზები საკმარისია იმისთვის, თუ რატომ უნდა დაესწროს მსმენელი თრეისის მასტერკლასს. ეს არის უნიკალური შანსი - ერთი დღის განმავლობაში მოისმინო 1000-მდე კომპანიის კონსულტანტის რჩევები, თუ როგორ გახდე უკეთესი ლიდერი, როგორ გააორმაგო საკუთარი და კომპანიის შედეგები, როგორ გაზარდო გაყიდვები, როგორ შეინარჩუნო მოტივაცია და ა.შ.

- ჰყავს თუ არა ბრაიან თრეისის მასტერკლასს სპონსორები და მხარდამჭერები?

- რა თქმა უნდა, ბევრი ქართული კომპანია დაინტერესდა თრეისის მასტერკლასით. ”ალიანსი ჯგუფი ჰოლდინგი” არის მასტერკლასის წარმომდგენი, ხოლო პლატინის სპონსორი გახლავთ ციფრული მარკეტინგის სააგენტო - mCloud ( www.mCloud.ge ). ასევე მასტერკლასის მედია მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია რუსთავი 2, პალიტრა მედია, ჟურნალი Forbes, მარკეტერი და კიდევ სხვა წარმატებული ქართული კომპანიები.

- რამდენად დიდია მასტერკლასზე დასწრების სურვილი როგორც კომპანიების ასევე ინდივიდების მხრიდან?

- საბედნიეროდ, საქართველოში როგორც სხვა ქვეყნებში ბრაიან თრეისი საკმაოდ ცნობილია. შესაბამისად, მასტერკლასზე დასწრების ინტერესიც საკმაოდ მაღალია. მასტერკლასის ჩატარებამდე რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ ბილეთების გაყიდვა და დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ ბილეთების რეალიზაცია წარმატებით მიმდინარეობს. დაინტერესება არის როგორც მსხვილი, ასევე მცირე ზომის კომპანიებიდან და რაც სასიხარულოა, ინდივიდუალური პირებისგანაც.

- სად, როდის და რამდენი ხნით ტარდება მასტერკლასი?

- მასტერკლასი ტარდება 2015 წლის 21 თებერვალს საგამოფენო ცენტრ ”ექსპო-ჯორჯიას” მე-3 პავილიონში. ხანგრძლივობა იქნება ერთი სრული დღე. 09:00-დან 18:30 საათამდე. დეტალური ინფორმაცის მიღება შესაძლებელია www.briantracytbilisi.ge ან ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/BrianTracyTbilisi. მინდა მოვუწოდო ყველას, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და გამოიყენონ ბრაიან თრეისის მასტერკლასზე მოხვედრის ეს უნიკალური შანსი.

R