კომპანია "ტიფლის ბიზნეს ჯგუფი" მერიას ვაკის პარკში სადავო მიწის ნაკვეთზე გარიგებას სთავაზობს

კომპანია "ტიფლის ბიზნეს ჯგუფი", რომელიც ვაკის პარკში იმ სადავო მიწის ნაკვეთს ფლობს, სადაც სასტუმრო "ბუდაპეშტი" უნდა აშენდეს, თბილისის მერიას გარიგებით მიმართავს.

კერძოდ, როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა, გიორგი ზაქაიძემ და ნიკოლოზ ფორჩხიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ისინი მზად არიან თბილისის მერიას ეს მიწის ნაკვეთი, რომლის წართმევასაც თავად მერია ცდილობს, 11 მილიონ დოლარად დაუთმოს. "მიმდინარეობს თბილისის მერიიდან ზეწოლა. გვაიძულებენ, რომ ეს მიწის ნაკვეთი გადავცვალოთ გაურკვეველ მიწის ნაკვეთში ვარკეთილსა და ვაზისუბანში. ამის უფლება მათ არ გააჩნიათ, რადგან თბილისის მერიას გაცვლის უფლება არ აქვს. ჩვენი კომპანია წინა ხელისუფლების დროსაც მოხვედრილა ასეთ სიტუაციაში და რამდენჯერმე მიწის ნაკვეთი გვაქვს გაჩუქებული სახელმწიფოსთვის. ჩვენ მზად ვართ, რომ მიწის ნაკვეთი დავუთმოთ 11 მილიონი დოლარის სანაცვლოდ. ამ 11 მილიონში შედის – მიწის ნაკვეთის ღირებულება (3 მილიონი დოლარი), სავარაუდო მოგება (7 მილიონი დოლარი) და შეჩერებული სამუშაოების გამო გამოწვეული ზარალი (1 მილიონი დოლარი). ანუ, ეს თანხა არის სრულიად რეალური", - აცხადებენ კომპანიის მფლობელები.

მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მერია არც წინადადებაზე დათანხმდება და მშენებლობის საშუალებასაც არ მისცემს, მაშინ ისინი სამართლებრივად გააგრძელებენ ბრძოლას, რაც მერიას 30 მილიონი დოლარი დაუჯდება. "ამ ტერიტორიაზე გვსურს ავაშენოთ ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო, რაც 22 მილიონი დოლარის ინვესტიციაა. ამაზე ჩვენ კონტრაქტორ კომპანიებთან ვალდებულება გვაქვს აღებული. თუ რომელიმე გზაზე არ წამოგვყვება მერია, მაშინ მოგვიწევს სამართლებრივი გზით ბრძოლის გაგრძელება და დაახლოებით 2 წელში, მერიას ყველა თანხის, რომელიც ჩვენ ზარალად მოგვადგება, გადახდა მოუწევს. ეს თანხა კი 30 მილიონი დოლარის ოდენობის იქნება", - აღნიშნავენ კომპანიაში.

მათივე თქმით, ერთი კვირის წინ განახლდა სამუშაოები, თუმცა ამას მერია გაურკვეველი მეთოდებით ხელს უშლის. "ჩვენმა კომპანიამ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მშენებლობის ნებართვა ერთი წლის წინ, 3 მილიონ დოლარად შეიძინა. ჩვენ ვდებთ 22 მილიონ დოლარ ინვესტიციას, ვვარაუდობთ მინიმუმ 7 მილიონ დოლარიან მოგებას, ვაშენებთ ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროს და ვასაქმებთ რამდენიმე ასეულ ადამიანს, რითაც სარგებელი მოგვაქვს ქვეყნისთვის და გარშემო ტერიტორიისთვისაც. ეს ტერიტორია იქნებოდა გაცილებით დაცული, ვიდრე არის დღეს. ერთი კვირის წინ განვაახლეთ მშენებლობა. ქალაქ თბილისის მერია ცდილობს სხვადასხვანაირი ხრიკებით შეაფერხოს და შეაჩეროს ეს მშენებლობა. ბოლო დღეებში დაიკარგა ბანერი, ღობე დაინგრა და ამ უაზრო მიზეზების გამო მშენებლობა შეგვიფერხეს", - აცხადებენ კომპანიაში.