სასტუმრო "ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" მაისში გაიხსნება

"თბილისის ზღვის ახალ ქალაქში" 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" ოფიციალურად მაისში გაიხსნება.

"ჰუალინგ ჯგუფის" ინფორმაციით, მსოფლიოში ცნობილ ბრენდს პირველად საქართველოში ყველაზე დიდი საინვესტიციო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" წარმოადგენს. "ჰოთელს & პრეფერენსი" 2000 წელს, საფრანგეთში დაარსდა. დღეისათვის მისი სასტუმროები მსოფლიოს 20 მნიშვნელოვან ადგილას არის განთავსებული და პრემიუმ სასტუმროთა ტოპ ხუთეულში აქტიურად პოზიციონირებს. "ჰოთელს & პრეფერენსის" მთავარი ღირებულებები ფრანგული ფასეულობებიდან გამომდინარეობს, რაც მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უპირატესობად მოიაზრება.

თბილისის ზღვასთან, მშვიდ, ჯანსაღ და სასიამოვნო გარემოში მდებარე, პრემიუმ კლასის 247 ნომრიანი სასტუმრო სტუმრებს განსაკუთრებულ და მიმზიდველ პირობებს შესთავაზებს: დიდ და კომფორტულ ოთახებს; თბილისში ყველაზე დიდ საკონფერენციო დარბაზს (800 კვ. მეტრი) და შეხვედრების 3 ოთახს; აზიურ, ევროპულ, ქართულ სამზარეულოს და საქართველოს სასტუმროებს შორის პირველად, ყველაზე გრანდიოზულ ჩინურ რესტორანს "ენსემბლი", ჩინეთის სხვადასხვა რეგიონის უგემრიელესი ეგზოტიკური კერძებით. ასევე, სასტუმრო თავის გასართობ-სარეკრეაციო ზონაში სტუმრებს საცურაო აუზით, სიმულაციური გოლფის მოედნით, სპორტული დარბაზით, საბილიარდო და სხვა გასართობი საშუალებებით მომსახურებას შესთავაზებს.

2014 წლის დეკემბერში "ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისმა" სასტუმროს მიერ ორგანიზებულ დასაქმების დღეებზე 300-მდე თანამშრომელი შეარჩია, რომლებიც მუშაობას გაზაფხულიდან შეუდგებიან.