ლარის კურსის გაუფასურების პარალელურად, მაღაზიები იხურება

"იჯარის ღირებულება გაძვირდა, ხოლო მოსახლეობა გადახდისუუნარო გახდა"

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ სავაჭრო ობიექტებს დიდი თავსატეხი გაუჩინა. დოლარის კურსის აწევამ უმრავლესობას მაღაზიის ქირა გაუძვირა და გადახდას ვეღარ ახერხებს, რასაც შემცირებული კლიენტების რაოდენობაც ემატება. ამიტომ, ბევრი მათგანი მაღაზიის დახურვას ამჯობინებს. ექსპერტების განცხადებით, მაღაზიების გახსნა-დახურვა ბაზრის თანმდევი პროცესია, კონკურენცია მაღალია და ამას ბევრი ვერ უძლებს. თუმცა, ამ პერიოდში მაღაზიების დახურვის ერთ-ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორად ლარის დევალვაციას ასახელებენ.

ბოლო პერიოდში პეკინის ქუჩაზე ზედიზედ სამი მაღაზია დაიხურა. რამდენიმე მაღაზიამ შეწყვიტა მუშაობა ვაკეში და ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ზოგიერთი დაკეტილი ფართი ქირავდება, ზოგიერთში კი მორიგი აფთიაქის გახსნა იგეგმება.

როგორც bpn.ge-სთან საუბრისას რამდენიმე მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, შარშანდელთან შედარებით, წელს მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მფლობელები გაძვირებული ქირის გადასახადზე ჩივიან, რაც პირდაპირ მიბმულია დოლარის კურსის მატებაზე.

ნინო, 45 წლის: "ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტანსაცმლის მაღაზია მაქვს, ფართი ნაქირავები მაქვს. აქამდე 2 600 ლარს ვიხდიდი, თუმცა ორი თვეა ქირა 50 დოლარით გამიძვირდა. დოლარის კურსი თუ არ დასტაბილურდა, შესაძლოა ქირა კიდევ გამიძვირონ. თანაც, კლიენტები ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრიდან შეგვიმცირდა. ჩვენი ძირითადი მომხმარებლები სომხები და აზერბაიჯანელები იყვნენ, ზოგიერთი 1 000 ლარის საქონელს ყიდულობდა. სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ უცხოელები გააქცია. ქართველები ისედაც ნაკლებად შემოდიოდნენ, ახლა მით უმეტეს - ფულს აღარ ხარჯავენ. ჯერჯერობით დახურვას არ ვაპირებ, მაგრამ სიტუაცია თუ არ შეიცვალა, წარმოდგენაც არ მინდა, რა გველის, რადგან ოჯახს ამ გზით ვარჩენ".

პეკინზე არსებული ერთ-ერთი მაღაზია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ფუნქციონირებდა, გუშინ დაკეტილი დაგვხვდა. ფართი ქირავდება, ხოლო მომხმარებელს დარჩენილი საქონლის იაფად შეძენას კონკრეტულ მისამართზე სთავაზობენ. "ამ მაღაზიის ყველა ფილიალი დახურეს. მხოლოდ გარეუბანში ფუნქციონირებს. ჯერჯერობით ამის დახურვას არ გეგმავენ. ძირითადი მიზეზი გაძვირებული ქირაა. თანაც ხალხს ფული არ აქვს და ძირითადად მხოლოდ ტანსაცმლის დასათვალიერებლად შემოდიან", - განაცხადა მაღაზიის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ლარის კურსის დევალვაციამ იმ მეპატრონეებს, რომლებიც იჯარის საფასურს დოლარში იხდიდნენ, მდგომარეობა გაურთულა. თუმცა, მაღაზიების დახურვას საგანგაშოდ არ მიიჩნევს. "რა თქმა უნდა, ერთი-ერთი მიზეზი ლარის კურსის დევალვაციაა, ამა თუ იმ ეტაპზე მყიდველი გადახდისუუნაროა, თანაც ბაზარზე მაღალი კონკურენციაა, მაგრამ ეს ტიპური საბაზრო პროცესია. ამაში კატასტროფული არაფერია", - ამბობს ლექვინაძე.

სოციოლოგ ნოდარ კაპანაძის თქმით, მაღალი კონკურენციის პირობებში თბილისში მაღაზიების დახურვა ხშირი მოვლენაა. თუმცა, ამ ეტაპზე ლარის გაუფასურებამ თავისი როლი ითამაშა. "ამ პერიოდში მაღაზიების დახურვაზე რაღაც გავლენა ლარის კურსს შეიძლება ჰქონოდა. მათ შორის, ვისაც იჯარა დოლარში აქვს, გადასახადი გაეზარდა. მაღაზიების დახურვა ხშირია, მოგების მარჟა დაბალია. საქონელი რითაც ვაჭრობდნენ, გაძვირდა, მომხმარებელს შემოსავლები შეუმცირდა და გადახდისუუნაროა. საერთო ჯამში, ყველა ეს ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს. თუმცა, ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა", - დასძინა კაპანაძემ.

სალომე გოგოხია