ბიზნესის წარმომადგენლები ჩიხში აღმოჩნდნენ

"მთავრობა ბევრ რამეს გვპირდება, მაგრამ ვერაფერს ასრულებს"

დაგვიანებული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება ზოგჯერ მცდარი გადაწყვეტილების ტოლფასიაო, - წერს ცნობილი ბიზნესმენი უოლტერ კრაისლერი. კრაისლერის ეს გამონათქვამი კარგად მიესადაგება ბოლო თვეებში საქართველოში შექმნილ ვითარებას: ლარის კურსი პანიკის ზღვარს რომ გადასცდა და ათასობით ადამიანი დაზარალდა, მთავრობამ მხოლოდ მაშინ დაიწყო ლაპარაკი "ქამრების შემოჭერაზე", ხოლო ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს დაავალა, ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგინონ გეგმა, რომელიც იმ პირების მდგომარეობას შეამსუბუქებს, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული, შემოსავალი კი - ლარში. ბანკებს ამ გეგმის წარმოსადგენად ერთკვირიანი სამუშაო ვადა მისცეს. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობისა და განსაკუთრებით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები დაგვიანებულია, რომ მათ ადრე უნდა გადაედგათ უფრო ქმედითი და გადამწყვეტი ნაბიჯები.

ეკონომიკის ექსპერტმა, სოსო არჩვაძემ, bpn.ge-სთან საუბრისას ძველი ქართული ანდაზა გაიხსენა - ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას და ქვეყნის ცენტრალურ ბანკს ადრეც შეეძლოთ ისეთი ღონისძიებების გატარება, რომ ჩვენი მოსახლეობა, მცირე და საშუალო ბიზნესი არ გაღატაკებულიყო. "ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას უფრო მეტი გახსნილობა რომ გამოეჩინა და უფრო მეტი ემუშავა, მაშინ ლარის გაუფასურებით გამოწვეული აჟიოტაჟი ასე მასშტაბური აღარ იქნებოდა. სხვა რაღა დაგვრჩენია? - ვუსურვოთ, რომ ახლა მაინც შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები", - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

მისი თქმით, ეკონომიკური არასტაბილურობა პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესზე მოქმედებს და თუ მდგომარეობა არ გამოსწორდება, ეს შესაძლოა სამუშაო ადგილების დაკარგვის მიზეზიც გახდეს. "რა თქმა უნდა, ლარის კურსის მერყეობა და საერთოდ, არასტაბილურობა ბიზნესზე ნეგატიურად მოქმედებს. შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს: რატომ არის ჩვენთან ასეთი აჟიოტაჟი მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა სხვა ქვეყნებშიც უფასურდებაო? - ლარის კურსის დაცემას დოლართან შედარებით იმიტომ აქვს ასეთი მწვავე, ლამის ეგზისტენციალური დატვირთვა, რომ ჩვენი ეკონომიკა ზედმიწევნით არის მიბმული მსოფლიოს ეკონომიკაზე. ჩვენ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული იმპორტზე. როდესაც დოლარი ძვირდება, ეს თავისთავად იწვევს იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებას, რასაც აუცილებლად მოჰყვება კურსის ვარდნაც. იმპორტირებული საქონლის გაძვირება მისი რეალიზაციის პერსპექტივასაც ამცირებს და როდესაც რეალიზაცია მცირდება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის შემოსავალი იკლებს. თავის გადასარჩენად ბიზნესი ცდილობს ხარჯები შეამციროს, რასაც დასაქმების შემცირება და უმუშევრობის ზრდა მოჰყვება, როგორც კრიზისის ერთ-ერთი თანამდევი მოვლენა. მსხვილი ფირმები და კომპანიები კრიზისს შედარებით ადვილად უმკლავდებიან, ასეთ დროს ყველაზე რთულ მდგომარეობაში მცირე ბიზნესი და ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანები არიან ხოლმე", - ამბობს სოსო არჩვაძე.

ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტის, პაატა შეშელიძის შეფასებით, ქვეყანაში არის ხალხი, ვინც ეროვნული ვალუტის გაუფასურებით ისარგებლა, მაგრამ მათ შორის ნამდვილად არ არიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. "მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ხშირად იღებენ სესხს, რომ თავიანთი საქონელბრუნვა უზრუნველყონ. უმეტეს შემთხვევაში სესხები უცხოურ ვალუტაში გაიცემა, ხოლო შემოსავლები - ლარში აქვთ. ლარის გაუფასურების გამო მათ აღარ აქვთ იმდენი შემოსავალი, რომ გაძვირებული ვალდებულებები გაისტუმრონ - ეს არის ჩიხი, რომელშიც ქართული ბიზნესის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. შეძლებენ თუ არა ისინი სიტუაციიდან გამოსვლას? - ეს ალბათ ინდივიდუალური იქნება - ზოგი შეძლებს, ზოგი კი - ვერა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გრძელვადიანი იქნება ახლანდელი კრიზისი და რამდენად ღრმად შევა მასში ქვეყანა. დღესდღეობით რაღაცის წინასწარ თქმა და პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან მთავრობა ბევრ რამეს გვპირდება, მაგრამ ვერაფერს ასრულებს", - აცხადებს პაატა შეშელიძე.

ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტის თქმით, ნაბიჯები, რომლებსაც მთავრობა დგამს, დაგვიანებულია და პრევენცია გაცილებით ადრე უნდა დაეწყოთ. "პრობლემა როცა დაიწყო, მაშინ უნდა მიექციათ ყურადღება, მაგრამ პრიორიტეტად სულ სხვა ამოცანები დაისახეს, რის გამოც სიტუაცია ხელიდან გაუძვრათ. სიმართლე გითხრათ, მე პესიმისტურად ვუყურებ ამჟამად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. სამწუხაროა, მაგრამ აშკარაა, რომ ლარის დევალვაცია ხელოვნური პროცესი იყო, ეს არ ყოფილა სტიქიური მოვლენა, წვიმა, ან ქარიშხალი, რომ წინააღმდეგობა ვერ გაგვეწია. ფაქტია, რომ ამ პროცესებში ვიღაც-ვიღაცების ინტერესი იმალებოდა და ამიტომაც არ შეაჩერეს. ჯერჯერობით გაურკვეველია, ვის რა მიზანი ამოძრავებდა, მაგრამ ალბათ მალე ესეც გამოჩნდება", - აღნიშნავს პაატა შეშელიძე.

მისი შეფასებით, შექმნილ სიტუაციაში გამორიცხული არ არის, რომ ზოგიერთი ბიზნესი დაიხუროს, ან დროებით შეჩერდეს, რასაც თავისთავად მოჰყვება სამუშაო ადგილების შემცირება: "ამ ეტაპზე, მცირე და საშუალო ბიზნესს ურჩევნია სიტუაციაში გაერკვეს და თუ საჭირო გახდა, საქმიანობაც შეაჩეროს, ყოველი გაჩერებული ბიზნესი კი, ათობით დაკარგულ სამუშაო ადგილს ნიშნავს, რაც ძალზე სამწუხაროა. მართალია, ამ პროცესებით ზოგმა კიდეც იხეირა, მაგრამ მათ შორის ნამდვილად არ არის ხალხი, რომელსაც ხარჯების გაწევა დოლარში უწევს, შემოსავლები კი - ლარში აქვს. ვინ მოიგო ლარის გაუფასურებით? - მოიგო იმან, ვინც ინფორმაციას ფლობდა, იცოდა, რომ ამ პროცესში ეროვნული ბანკი არ ჩაერეოდა, მოიგეს მსხვილი ბიზნესის მფლობელებმა და დიდმა კომერციულმა ბანკებმა - ერთი სიტყვით, ეროვნულ ბანკთან და პოლიტიკასთან დაახლოებულმა ხალხმა, დანარჩენებმა კი - წააგეს", - აცხადებს პაატა შეშელიძე.

ხათუნა ჩიგოგიძე