GWP-მ ჯავახიშვილის ქუჩაზე ახლად გაყვანილი მაგისტრალური ქსელები ექსპლუატაციაში გაუშვა

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ელბაქიძის აღმართი) ახალგაყვანილი 500 და 400 მმ-იანი მაგისტრალური ქსელები წყალმომარაგების სისტემას მიუერთა და ექსპლუატაციაში გაუშვა.

კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სამუშაოებს წინ უძღოდა ახალი ქსელების გაყვანის, მათი ტესტირების, რეცხვისა და ლაბორატორიული შემოწმების პროცესი. "ყოფილი ელბაქიძის აღმართზე წყალსადენის 700-მეტრიანი ახალი ქსელები უმაღლესი ხარისხის ქარხნული წარმოების ფოლადის იზოლირებული მილებისგან მოეწყო, რომელზეც ახალი საკვანძო ჭები და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა. უახლოეს დღეებში, ელბაქიძის აღმართზე საკანალიზაციო ქსელის გაყვანის სამუშაოებიც დასრულდება. აღსანიშნავია, რომ წყალსადენის ახალი ქსელების გაყვანისა და ტესტირების პროცესში, რასაც დაახლოებით 15 დღე დასჭირდა, ელბაქიძის აღმართის მცხოვრებლებს წყლის მიწოდება არ შეფერხებიათ, რადგან მათი წყალმომარაგება კომპანიამ, დროებით, ალტერნატიული 400 მმ-იანი ქსელის მეშვეობით უზრუნველყო", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე განმარტებით, ყოფილი ელბაქიძის აღმართზე, კვლავაც გრძელდება კომპლექსური სამუშაოები. სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაში თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურთან ერთად, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური სამსახურიც მონაწილეობს. სამუშაოების მიმდინარეობას კი საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო საბჭო კურირებს.