ნოდარ ხადური ნავთობპროდუქტების სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

მთავრობასა და ბიზნესს შორის კონსულტაციები გრძელდება.

ბიზნეს ასოციაციასთან შეხვედრის შემდეგ, დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შეხვედრა ნავთობპროდუქტების სექტორის წარმომადგენლებთან გამართა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დარგის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის ფინანსთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს, რომელიც ბუნებრივი დანაკარგების შესახებ კანონის მიღებას უკავშირდება. ასევე, საუბარი შეეხო ახალ ინიციატივებს დარგში აღრიცხვიანობის მოწესრიგების, პროცედურების გამარტივების მიმართულებით.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოისმინეს ის შენიშვნები და წინადადებები, რომელიც ამ კუთხით აქვთ ნავთობიმპორტიორებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ნავთობპროდუქტების სექტორი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის და სახელმწიფო ბიუჯეტში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია. "ამდენად აუცილებელია, გადაწყვეტილებების მიღების დროს ერთის მხრივ, გათვალისწინებული იყოს ბიზნესის ინტერესები, მეორეს მხრივ, დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები", - აღნიშნა ხადურმა.