დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება

ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი, დონალდ ტრამპი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.

ამის შესახებ "ვოშინგტონ პოსტი" იტყობინება. გამოცემის ცნობით, ტრამპმა, რომელიც მსხვილ სამშენებლო კომპანიას და სასტუმროებისა და კაზინოების მმართველ კომპანიას ფლობს, საარჩევნო კამპანიის დაწყების მიზნით, უკვე დაიქირავა თანამშრომლები და პოლიტიკის სპეციალისტები. მან ასევე დაიწყო სხვადასხვა შტატში ვიზიტები და ადგილობრივ პოლიტიკოსებთან შეხვედრები.

"ყველა ფიქრობს, რომ მე ამას ვაკეთებ გართობისთვის, ან იმისთვის, რომ ეს კარგია ჩემი ბიზნესისთვის. თუმცა, ეს ასე არ არის. მე ამას ვაკეთებ იმისათვის, რომ ქვეყანა სერიოზულ გასაჭირშია", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამერიკელ მილიარდერს ტელეკომპანია "ენბისის" ეთერში გადაცემა The Celebrity Apprentice მიჰყავს. თუმცა, "ვოშინგტონ პოსტის" ცნობით, ამჯერად ის პოლიტიკური გეგმების გამო, ტელეკომპანიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებისგან თავს იკავებს. დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 2010 წელსაც განაცხადა, თუმცა, მოგვიანებით გადაიფიქრა.