გიორგი გახარია: ვმუშაობთ, რომ შრომის ინსპექციასთან დაკავშირებული საკითხები დაბალანსებული და ბიზნესისთვის გასაგები იყოს

ჩვენ ვმუშაობთ, რომ შრომის ინსპექციასთან დაკავშირებული საკითხები იყოს უფრო დაბალანსებული და ბიზნესისთვის გასაგები.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ "თიბისი ბანკის" სათავო ოფისში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრამდე განაცხადა. როგორც ბიზნესომბუდსმენმა, ეკონომიკური საბჭოს მდივანმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მისთვის აბსოლუტურად გასაგებია შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით, ბიზნესის მხრიდან გაკეთებული განცხადებები. მისი თქმით, ბიზნესს შრომის ინსპექციაზე აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება აქვს.

"ჩვენ ვმუშაობთ ახლა, რომ შრომის ინსპექციასთან დაკავშირებული საკითხები იყოს უფრო დაბალანსებული და ბიზნესისთვის გასაგები. მთავარია ის, რომ ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია შრომითი რეგულაციების მიმართულებით, კონცენტრირებული იყოს ანტიდისკრიმინაციულ ნაწილში და არ ეხებოდეს შრომით უფლებებს. ბიზნესი კონფიგურაციას ეთანხმება. მათთვის მთავარია, რომ შრომითი უფლებები არ მოხვდეს შრომითი ინსპექტირების რეგულირებაში, რაზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ", - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, მთავრობას უახლოეს მომავალში ბევრი ინიციატივა ექნება, მათ შორის საუბარია კიდევ წარმოების საშუალებების დღგ-სგან გათავისუფლებაზე იმპორტის დროს, რაზეც ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს.