რა საფრთხეს წარმოადგენს ბიზნესისთვის ინფლაციური პროცესები

"დროულად უნდა განისაზღვროს ის ზღვარი, რომლის შენარჩუნებისთვისაც სახელმწიფოს ბიზნესსუბიექტებისთვის გარკვეულ შეღავათებზე წასვლა მოუწევს"

მართალია, მთავრობა გვაიმედებდა, რომ ლარის კურსის ვარდნა მხოლოდ გარე ფაქტორებით იყო განპირობებული და ეს პროცესი ფასებსა და ქვეყნის ეკონომიკაზე არ აისახებოდა, მაგრამ შედეგებიდან ჩანს, რომ ლარის მკვეთრმა გაუფასურებამ არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები დააზარალა, არამედ პრობლემები ბიზნესმენებსაც შეექმნათ. საუბარია როგორც ექსპორტიორ, ისე იმპორტიორ კომპანიებზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კრედიტები დოლარში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსაც აქვთ აღებული. შემოსავლების შემცირება კი მათი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის პირდაპირპროპორციულია.

"გარკვეულ კომპანიებს უკვე 10-15 პროცენტიანი ჩავარდნები აქვთ. ფასების გაზრდასაც ვერ ახერხებენ, ვინაიდან ეს მომხმარებლის დაკარგვას გამოიწვევს და ორმაგად დაზარალდებიან. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ლარის კურსი არ ჩერდება. ასეთ შემთხვევაში კი ძნელია ფასების კონტროლი", - განაცხადეს საქართველოს ბიზნესმენთა და მეწარმეთა ასოციაციაში. ასე რომ, საქმე გვაქვს ჯაჭვურ რეაქციასთან, რომელიც ლარის გაუფასურების ფონზე მომხმარებლის მსყიდველობითი უნარის დაცემით დაიწყო და ბიზნეს სექტორამდე მიაღწია. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს დაევალათ, ერთი კვირის ვადაში შეიმუშაონ კონკრეტული გეგმა იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომელთაც დოლარში აქვთ სესხები აღებული.

რამდენად ააცილებს ქვეყანას თავიდან ეკონომიკის ჩამოშლის საფრთხეს, ეს და სხვა ნაბიჯები? bpn.ge ამ საკითხებზე სასაუბროდ ექსპერტებსა და ამ სფეროს წარმომადგენლებს დაუკავშირდა.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელის, სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ბიზნესისთვის ინფლაციური პროცესები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე სუბიექტია.

"საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება პასუხი კითხვაზე, თუ რა გზებით აპირებს ეროვნული ბანკი არსებული კრიზისის, თუნდაც, საგარეო ფაქტორებიდან თავის დაღწევას. საბანკო რეზერვებიდან 40-მილიონიანი დახმარება შეიძლება ვინმეს ძალიან დიდ სიკეთედ ეჩვენებოდეს, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ამ თანხაზე 10-12-ჯერ მეტი ჩვენი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა ფასიან ქაღალდებში გადაინახა, ამაზე რასაკვირველია, მისი პასუხისგების საკითხი რომ დადგეს, ნურავის გაუკვირდება. ნურც პოლიტიკური ნიშნით დევნაზე დაიწყებენ საუბარს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პოლიტიკური ნიშანი სრულიად არაადეკვატური განცხადებებით ჯერ კიდევ 2012 წელს თვითონვე აირჩია. ამიტომ არ გამიკვირდება, თუ "ნაციონალური მოძრაობის" საეჭვო აქტიურობა და ეროვნული ბანკის დანაშაულებრივი უმოქმედობა ერთიანი ინტერესების სივრცეში გადაიკვეთება", - განაცხადა სოსო ცისკარიძემ.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ დროულად უნდა განისაზღვროს ის ზღვარი, რომლის შენარჩუნებისთვისაც სახელმწიფოს ბიზნესსუბიექტებისთვის გარკვეულ შეღავათებზე წასვლა მოუწევს. მისი თქმით, ასეთი შეღავათი შეიძლება იყოს გადასახადების შემცირება ან ზოგიერთ შემთხვევებში, საერთოდ გათავისუფლებაც კი გარკვეული პირობით და ლარის კურსის გარკვეული ნიშნულის გათვალისწინებით. "ეს იქნება ხელშეწყობა არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ მთლიანად მომხმარებლებისთვისაც. ასევე მნიშვნელოვანია, უფრო გააქტიურდეს დღემდე მიძინებული კონკურენტუნარიანობის სააგენტო, ვინაიდან გარკვეული მონოპოლიზმი ამა თუ იმ სექტორში კიდევ უფრო დააზიანებს არსებულ ვითარებას".

შპს ,,ბომს"-ის ხელმძღვანელის, სამილ ბასბუგის განაცხადებით, ლარის გაუფასურება ძირითადად მსოფლიო მასშტაბით არსებული კრიზისული მოვლენებით არის განპირობებული. თუმცა, მისი თქმით, გარე ფაქტორების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი თავისთავად მოგვარდება. "ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს და გამოსავალი მოძებნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ექვსი წელია, რაც საქართველოში ვიმყოფები. ჩვენი ფირმა აკუმულატორების ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. საქონელს, რომელიც ქვეყანაში შემოგვაქვს, დოლარით ვყიდულობთ, რაც თავისთავად ფასზე ახდენს გავლენას. ჯერჯერობით, პროდუქტი არ გაგვიძვირებია. თუმცა თუ დოლარის კურსი არ დასტაბილურდება, ფასების გაზრდის აუცილებლობის წინაშე დავდგებით, ვინაიდან გადასახადების ჩვენი ჯიბიდან გადახდა მოგვიწევს. კარგი გამოსავალი არც ეს არის. ფასების გაზრდით მომხმარებლებს დავკარგავთ და პრობლემები შეექმნებათ ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებსაც", - აცხადებს "ბომის" ხელმძღვანელი. მისი თქმით, გადარჩენის ერთადერთი გზა ალბათ ის არის, რომ იმ რაოდენობის პროდუქცია შემოიტანონ, რის გაყიდვასაც მოახერხებენ. "ეს კი არა მხოლოდ ჩვენზე, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება. ბიუჯეტში ნაკლები გადასახადები შევა", - დასძენს სამილ ბასბუგი.

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტი, მიხეილ ჭელიძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ვარდნამ ისევე დააზარალა ბიზნესი, როგორც მომხმარებელი. მისი თქმით, სესხი დოლარში ბიზნესმენებსაც აქვთ აღებული. ხარჯები ყველას გაეზარდა. განსაკუთრებით იმპორტიორებს, რადგან მათ ადრინდელზე მეტი ლარის გადახდა მოუწევთ. "მართალია, როცა ქვეყანაში იმპორტის ახალი ნაკადი შემოვა, გარკვეულწილად ეს ფასებზეც იმოქმედებს. მაგრამ ჩემი აზრით, იმის გამო, რომ ყველა ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა დოლარი, ფასების მკვეთრად გაზრდა მოსალოდნელი არ არის", - აღნიშნავს მიხეილ ჭელიძე.

მისი განცხადებით, ზუსტი პროგნოზების გაკეთება რთულია, მაგრამ პანიკის საფუძველი არ გვაქვს. პროცესები მართვადია. ლარი დოლართან მიმართებაში ძველ ნიშნულს შეიძლება არ დაუბრუნდეს, მაგრამ უფრო მეტად გაუფასურების წინაპირობა არ არსებობს.

მიხეილ ჭელიძის თქმით, შედეგებზე უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ პანიკა, არამედ გადაჭარბებული დადებითი მოლოდინიც. ამიტომ რეალობა ადეკვატურად უნდა შეფასდეს და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას.  "ასეთი ჩავარდნებისგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული. მთელი რეგიონი ამ პრობლემის წინაშე დგას. ყველა ვალუტა გაუფასურდა დოლარის მიმართ. საქართველო კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვერ იქნება. რამდენად გავუმკლავდებით გარე ტალღას, ეს უკვე ხელისუფლების ქმედით ნაბიჯებზეა დამოკიდებული. როგორც გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს ერთკვირიანი ვადა მიეცათ საიმისოდ, რომ გარკვეული მხარდაჭერის სქემა შეიმუშაონ იმ პირების მიმართ, ვისაც სესხები დოლარში აქვთ აღებული, რათა მათ მარტივად გადაიტანონ არსებული პრობლემები. ტურიზმის სეზონი მოდის. უცხოური ვალუტის შემოდინება გაიზრდება და ეს ლარზე დადებითად აისახება. რა თქმა უნდა, დღეს მდგომარეობა არასახარბიელოა, მაგრამ პანიკა უარეს შედეგს მოგვიტანს. პანიკით პრობლემას ვერ გადავჭრით", - აღნიშნავს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტი.

ნონა ბურნაძე