სოფელ თაიაში დაურეგისტრირებელი ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ თაიაში დაურეგისტრირებელი ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კანონდარღვევით მოქმედი საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ჯიშის მრგვალი ხე-ტყის მორებიც. უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ჯიშის ხე-ტყის მორების საერთო მოცულობა 20 კუბურ მეტრს შეადგენს. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა. სამინისტროს ცნობით, განხორციელდა სახერხი საამქროსა და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის დალუქვა.

"აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის შესწავლის მიზნით", - აცხადებენ სამინისტროში.