სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვების ობიექტებში ღვინის კონტროლი დაიწყო

"მწარმოებლებს ხარვეზის გამოსასწორებლად რეკომენდაციები მიეცემათ. თუ არ გამოასწორებენ, მაშინ 400 ლარით დაჯარიმდებიან"

სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს დაგეგმილია ღვინის მწარმოებელი ბიზნესოპერატორების შემოწმება. აქამდე შემოწმება მხოლოდ ღვინის სარეალიზაციო მაღაზიებში ხორციელდებოდა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, საქართველოში ჩამოსასხმელი ღვინო ბაზრის 30-35%-ს მოიცავს. შესაბამისად, ფალსიფიკაციის რისკი გაცილებით მაღალია.

ალკოჰოლური სასმელების 400 ნიმუშის აღება და აკრედიტებულ ლაბორატორიაში უვნებლობისა და ხარისხის პარამეტრებზე ლაბორატორიული კვლევა - ასეთია სოფლის მეურნეობის სამინისტროს წლევანდელი გეგმა. ამ პროცესში სურსათის ეროვნული სააგენტო იქნება ჩართული.

სააგენტოს უფროსის, ზაზა დოლიძის თქმით, ღვინის ნიმუშების აღება კვების ობიექტებიდან (რესტორანი, კაფე და ა.შ.) და ღვინის სარეალიზაციო პუნქტებიდან მოხდება. "სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებელთა ინტერესებისა და ქართული ბაზრის ფალსიფიკაციისაგან დასაცავად ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ფართომასშტაბიანი შემოწმება დაიწყო. ღვინოზე მონიტორინგი აქამდეც ხორციელდებოდა, მაგრამ 2015 წლიდან განსაკუთრებული კონტროლი იქნება ჩამოსახმელ ღვინოზე, რომელიც ღვინის სარეალიზაციო ობიექტებს მოიცავს. კანონმდებლობის შესაბამისად, მწარმოებლებს ხარვეზის გამოსასწორებლად რეკომენდაციები მიეცემათ. თუ არ გამოასწორებს, მაშინ 400 ლარით დაჯარიმდება. გადაუხდელობის შემთხვევაში ეს თანხა გაორმაგდება. ჯარიმის მაქსიმალური თანხა 1 200 ლარია," - აღნიშნა დოლიძემ.

გიორგი სამანიშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე: "ჩვენთან ბოთლის ღვინის კონტროლი ისედაც ხორციელდება, მაგრამ ჩამოსასხმელ ღვინოებში ფალსიფიკაციის რისკები გაცილებით მაღალია. ჩვენი მიზანია, საქართველოში ვაზისა და ღვინის კულტურა დაბრუნდეს. ქართველ მომხმარებელს თუ ჩამოსულ სტუმარს ნამდვილი, ქართული, ხარისხიანი ღვინოს დაგემოვნების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს."

სააგენტოს ინფორმაციით, წელს უპრეცედენტო მასშტაბის - 8 000 ობიექტის შემოწმება იგეგმება. სააგენტომ კვების ობიექტების მოულოდნელი შემოწმება უკვე დაიწყო, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წელს 31 ღვინის მწარმოებელი ბიზნესოპერატორი შემოწმდა. აქედან, 3 ბიზნესოპერატორი 400 ლარით დაჯარიმდა, ხოლო 1 - 1 200 ლარით.

სალომე გოგოხია