მომხმარებელს ონლაინ-მაღაზიებისა და გადამზიდი კომპანიების მომსახურება გაუძვირდა

"დოლარის კურსის გაზრდის შემდეგ, გამოწერა აღარ გვიღირს"

ქართულ ბაზარზე მოქმედი გადამზიდი კომპანიების განცხადებით, ბოლო პერიოდში მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. დოლარის კურსის აწევის პარალელურად, მომხმარებელს ონლაინ-მაღაზიებში პროდუქციის ფასი და გადამზიდი კომპანიების მომსახურება გაუძვირდა.

როგორც bpn.ge-სთან საუბარში სხვადასხვა გადამზიდი კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საფასურის გაზრდა მოსალოდნელი იყო.

”ჩვენს კომპანიას გამოწერილი პროდუქციის ჩამოტანა არ გაუძვირებია და 1 კილოგრამი კვლავინდებურად 8 დოლარი ღირს. თუმცა, დოლარის აწევამ თავისთავად გაუძვირა გადასახადი მომხმარებლებს. ანალოგიური მდგომარეობაა პროდუქციის ფასებზეც, საერთო ჯამში გამოწერილი ნივთისა და ტრანსპორტირების ხარჯი საკმაოდ დიდი გამოდის. ცხადია, ეს ფაქტი გადამზიდი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ კურსი მალე დასტაბილურდება,” - გვითხრეს გადამზიდ კომპანია Usa2Georgia-ში.

რაც შეეხება მომხმარებლებს, მათი თქმით, ბოლო ერთი თვეა, რაც ონლაინ-მაღაზიებში პროდუქციის ფასები მნიშვნელოვნად გაძვირდა.

”მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვიწერთ უცხოეთიდან სამოსს. პრაქტიკულად, თბილისში იშვიათად ვიძენთ, მაგრამ დოლარის კურსის გაზრდის შემდეგ, გამოწერა აღარ გვიღირს. ნივთის თვითღირებულებას დამატებული გამოწერის თანხა საბოლოოდ იმხელა გამოდის, რომ მაგ ფასად თბილისშიც ვიყიდი ფეხსაცმელს”, - ამბობს 30 წლის ეკა ზაალიშვილი.

სალომე გოგოხია