დავით იაკობაშვილმა ”როსნეფტს” ”პეტროკასის” აქციები 144 მილიონ დოლარად მიჰყიდა

რუსულმა ნავთობკომპანია "როსნეფტმა" დავით იაკობაშვილის კუთვნილი "პეტროკას ენერჯის" აქციების სანაცვლოდ 144 მილიონი დოლარი გადაიხადა.

"ფორბსის" რუსული გამოცემის ინფორმაციით, როგორც "როსნეფტში" განაცხადეს, თანხის გადახადა იანვარში მოხდა.

გასული წლის ბოლოს რუსულმა ენერგკომპანიამ დავით იაკობაშვილის "პეტროკას ენერჯის" აქციების 49% შეიძინა. თუმცა, გარიგების თანხა მაშინ არ დასახელებულა.

"როსნეფტის" მაშინდელი ინფორმაციით, კომპანიამ ხელი მოაწერა დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ასევე იგეგმებოდა ერთობლივი კომპანიების შექმნა ამიერკავკასიაში "როსნეფტის" პროექტების რეალიზაციის მიზნით.

"ამ გარიგებით "როსნეფტი" საგრძნობლად გააფართოებს საკუთარ არსებობას ამიერკავკასიაში, გაზრდის საქმიანობის გეოგრაფიას", - ნათქვამი იყო "როსნეფტის" მაშინდელ განცხადებაში.

დავით იაკობაშვილის კუთვნილი Petrocas Energy Group ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობითა და გადაზიდვებით არის დაკავებული. კომპანია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში 140-მდე ავტოგასამართ სადგურს, ფოთში კი ორ ნავთობტერმინალს განაგებს.