"ცენტრპოინტის" დაზარალებულები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ

"ცენტრპოინტის" დაზარალებულები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და პრობლემების მოგვარებას სთხოვენ.

"ცენტრპოინტის" მიერ დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს სამპუნქტიანი მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, დადგეს კომპანიის თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხი, დაჩქარდეს სასამართლო პროცესი და დაიწყოს ყველა ობიექტზე გამოძიება.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე დავით სუხიაშვილი ამბობს, ისინი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის სახელზე განცხადებას შეიტანენ.  "სამშენებლო კომპანია "ცენტრპოინტის" დაზარალებულები აქციას ვმართავთ. დაახლოებით 6.200 ოჯახი არის დაზარალებული. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დადგეს "ცენტრპოინტის" ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე დაჩქარდეს სასამართლო პროცესი და დაიწყოს ყველა იმ ობიექტზე გამოძიება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის აშენებული. გარდა ამისა, ჩვენ კომპანიის წარმომადგენლები თანხის დაბრუნებაზე უარს გვეუბნებიან და კვლავ ასაშენებელ ფართებს გვთავაზობენ. რაც ჩვენ ხელს არ გვაძლევს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დავით სუხიაშვილმა.

"ცენტრპოინტის" მიერ დაზარალებულების აქცია ამ დროისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს. მათ მიტანილი აქვთ ბანერები, სადაც რუსუდან კერვალიშვილი, მაია რჩეულიშვილი და ვახტანგ რჩეულიშვილი გისოსს მიღმა არიან გამოსახული.