ავეჯზე მოთხოვნა შემცირდა

"პროდუქცია ბევრი გვაქვს, შეძენის მსურველი კი - ცოტაა"

საქართველოში უამრავი ავეჯის მაღაზიაა, სადაც თავისუფლად შეგიძლიათ შეიძინოთ ტრადიციული თუ ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული, სხვადასახვა დიზაინის, ზომისა და ფერის ნაკეთობები. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ამ ბიზნესში უამრავი ადამიანია ჩართული. თუმცა მათი განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში ლარის გაუფასურებამ და ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა ვითარებამ მათი საქმიანობა სერიოზულად შეაფერხა და დააზარალა. განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს გაუჭირდათ. ”ზოგადად, ბიზნესს შეექმნა დიდი პრობლემები და გამონაკლისი ამ მხრივ, არც ჩვენ ვართ. მე მაგალითად, მაღაზია სულ დავხურე იმიტომ, რომ შემოსავალი აღარ მქონდა და ოფისის ქირასაც ტყუილად ვიხდიდი. როგორც ვატყობ, ამ ეტაპზე ავეჯის შეძენის სურვილი არავის აქვს იმიტომ, რომ ჩვენს მოსახლეობას სულ სხვა პრობლემები აწუხებს", - აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა bpn.ge-სთან საუბრისას.

ანა გაბინაშვილს ელიავას ბაზრობაზე პატარა მაღაზია აქვს დაქირავებული და ისიც კლიენტების შემცირების გამო წუხს: "შეიძლება ითქვას, რომ ამ ბაზრობაზე დასაქმებული მცირე მეწარმეების დიდი ნაწილი უაღრესად კრიტიკულ მდგომარეობაშია. მარტო ჩვენს სფეროში კი არ გაუარესდა სიტუაცია, არამედ - ყველგან და ეს ჩვენზეც აისახა. კლიენტურა გვაკლია ისევე, როგორც ნებისმიერ მაღაზიას, რომელიც სურსათითა და პირველადი მოხმარების საგნებით არ ვაჭრობს. ხალხი ავეჯს აღარ ეტანება და ჩვენამდეც არ მოდის". შემოსავალი მცირე ბიზნესის გარდა, შედარებით მსხვილ მაღაზიებსაც შეუმცირდათ. ამის თაობაზე მაღაზიათა ქსელ ”ზოდის” მარკეტინგის მენეჯერი - ნინო ზავრაშვილი გვესაუბრა: "ჩვენი ფირმა სულ ექვს მაღაზიას აერთიანებს. სამი მათგანი თბილისშია, ხოლო დანარჩენი სამი - გორში, მარნეულსა და რუსთავში. პროდუქციის რეალიზაცია რეგიონებშიც ძალიან შემცირდა და დედაქალაქშიც. იქიდან გამომდინარე, რომ ავეჯს უცხოური ვალუტით ანუ დოლარით ვყიდულობთ, ლარის კურსის ცვალებადობამ ჩვენს ფასებზეც იქონია გავლენა. ფასები სულ მცირე, 10 პროცენტით გავზარდეთ, პროდუქციის ნაწილი ჩვენს ქსელში საშუალოდ 20-30 ლარით გაძვირდა. მომხმარებელი, რომელსაც პროდუქციის შეძენა უნდა და ჩვენი ძველი ფასები იცის, რა თქმა უნდა, დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს. ბუნებრივია, ამ და სხვა ფაქტორებმა ჩვენი პროდუქციის რეალიზაციაზეც იქონია სერიოზული გავლენა. თუ ლარის კურსი სტაბილური გახდება, რა თქმა უნდა, ფასები ჩვენს ქსელშიც შემცირდება".

ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების თქმით, არა მხოლოდ იმ მეწარმეებს გაუჭირდათ, ვისაც მზა ნაწარმი უცხოეთიდან შემოაქვს და საქართველოში ყიდის, არამედ იმათაც, ვინც ავეჯს აქვე აწარმოებს, რადგან ისინიც, ძირითადად, იმპორტირებულ ნედლეულს იყენებენ: "ოჯახური ბიზნესი გვაქვს, მასალას ვყიდულობთ და ავეჯს საკუთარი ხელით ვამზადებთ. ეს მასალა უცხოეთიდან არის შემოტანილი და რა თქმა უნდა, მასში დოლარია გადახდილი. ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ხელოსნები ძირითადად შემოტანილ პროდუქციას იყენებენ და მერე ყველაფერს მისგან ამზადებენ. რაც დოლარის ფასმა მოიმატა, სამუშაო თითქმის აღარ გვაქვს. ეროვნული ვალუტა უფასურდება და ყველა ცდილობს ფული არ დახარჯოს, ვიდრე ის სტაბილური არ გახდება, ამიტომ ბიზნესსაც უჭირს, მით უმეტეს, ისეთ მცირე ბიზნესს, როგორიც ჩვენ გვაქვს", - აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას მცირე მეწარმე მირიან მწითური. ბოლო თვეებში შეკვეთების კატასტროფულად შემცირებას უჩივის მეწარმე მალხაზ ნიკურაძეც, რომლის თქმითაც, უკვე ერთი თვეა შეკვეთა აღარ მიუღიათ.

"თითქმის ყველაფერს ვამზადებთ - იქნება ეს საოფისე თუ საოჯახო ავეჯი - სამზარეულო, კომოდი, თუ კომპიუტერის მაგიდა... ბოლო თვეებში შეკვეთები მართლაც კატასტროფულად შეგვიმცირდა. თუმცა ამას მხოლოდ ეკონომიკურ სიტუაციას ვერ დავაბრალებ, რადგან ბოლო წლებში ამ საქმით დაკავებული ხელოსნების რაოდენობა ძალიან გაიზარდა. ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ კი საქმე უფრო გაგვირთულა. ვინც ავეჯს აქვე, საქართველოში ამზადებს, ყველას ერთნაირი სიტუაცია აქვს იმიტომ, რომ უმეტესობა იმპორტირებულ საქონელს იყენებს", - აცხადებს მალხაზ ნიკურაძე.

ხათუნა ჩიგოგიძე