ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზის 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში განხორციელდება მიერთებების, ეზოში შესასვლელების, ავტობუსების გაჩერებების, ავტოპავილიონების, საგზაო ნიშნების მოწყობისა და სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გზას რეაბილიტაცია რამდენიმე ათწლეულია არ ჩატარებია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთზე მოქალაქეებისათვის გადაადგილება გაცილებით მარტივი და კომფორტული გახდება. პროექტის განხორციელება გასული წლის ბოლოს დაიწყო და 2015 წლის ზაფხულისთვის დასრულდება.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 955.000 ლარით ფინანსდება. ადგილზე 50-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.