პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკის ზრდის რეიტინგი

"ფორბსის" უკრაინულმა გამოცემამ პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ეკონომიკური ზრდის რეიტინგი გამოაქვეყნა

ამ ქვეყნების დამოუკიდებლობიდან დღემდე.

რეიტინგის მიხედვით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საქართველო მე-11 პოზიციაზეა, დამოუკიდებლობის 23 წლის შემდეგ კი ეკონომიკური ზრდის მხრივ, პირველ ადგილზე ესტონეთია. სტატიის თანახმად, საბჭოთა კავშირის ყოფილმა ქვეყნებმა განვითარების სხვადასხვა გზები აირჩიეს და ზოგიერთმა მათგანმა ფსონი სახელმწიფო კაპიტალიზმზე დადო. ასე მაგალითად, რუსეთის, ყაზახეთის, ბელორუსის, აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორი დომინირებს, კერძო კომპანიებში წარმოების მცირე წილი მოდის.

ეკონომისტ ბორის კუშკურინის თქმით, 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან საქართველომ ეკონომიკის ლიბერალიზაციის მხრივ დიდ წარმატებებს მიაღწია, თუმცა ბოლო წლებში ეს პროცესები შენელდა. მისივე შეფასებით, სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვაში ადგილობრივ ოლიგარქებს პოლიტიკური გავლენა მხოლოდ საკუთარ რეგიონებში აქვთ, მათი ქონება კი ხშირად საკუთარი ქვეყნის გარეთ არის დარეგისტრირებული.

"საქართველოს უახლესი ისტორია ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ლიბერალური გუნდის მოსვლამდე და მოსვლის შემდეგ პერიოდად იყოფა. რამდენიმე ომის, მათ შორის სამოქალაქო, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ომების გამო ქვეყანამ ეკონომიკის ყველაზე მკვეთრი შემცირება განიცადა საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილ ქვეყნებთან შედარებით", - ნათქვამია "ფორბსის" უკრაინული გამოცემის სტატიაში.

პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის რეიტინგის შედგენისას "ფორბსმა" გაითვალისწინა ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა მშპ-ს დინამიკა და მასთან დაკავშირებული საკვანძო პარამეტრები განვითარების ძირითად ეტაპზე. უკრაინული "ფორბსის" მიხედვით, 2014 წელს საქართველოს მშპ-მა ერთ სულ მოსახლეზე 7 665 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება რეიტინგის სხვა ქვეყნებს, ეს მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება - ესტონეთში მშპ-მა ერთ სულ მოსახლეზე 26 555 დოლარი შეადგინა, ყაზახეთში - 24 144 დოლარი, ბელორუსში - 18 178, უზბეკეთში - 5564 დოლარი, აზერბაიჯანში - 17 943, თურქმენეთში - 14 175, სომხეთში - 7 365, ლატვიაში - 23 904, ლიტვაში - 26 700, რუსეთში - 24 764, მოლდოვაში - 4 830 დოლარი, უკრაინაში - 8 240, ყირგიზეთში - 3 385 დოლარი, ტაჯიკეთში კი - 2 677 დოლარი.