საავტომობილო პროტესტი აზერბაიჯანის საზღვართან

”თუ ჩვენ არ გვიშვებენ, მაშინ ცალმხრივად რატომ არის ეს, საქართველომაც შეზღუდოს”

გუშინ ლაგოდეხში, აზერბაიჯანის საზღვართან ხმაური იყო. ლაგოდეხელებთან ერთად, კახში მცხოვრებმა ქართველებმა აზერბაიჯანის საზღვარი გადეკეტეს და იქიდან მომავალ ავტომანქანებს საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. საბოლოოდ, პოლიციის ჩარევით საზღვარი გაიხსნა.

აქციის მონაწილეები საზღვრის გადაკვეთისას დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. საქართველოს მოქალაქეებს აზერბაიჯანში მცხორვებმა ეთნიკურად ქართველებმაც დაუჭირეს მხარი. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა 2014 წლის იანვარში მიიღო კანონი ”ევრო 4”-ის სტანდარტებზე გადასვლის თაობაზე, რომელიც აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს ”ევრო 4”-ის არმქონე ავტომანქანების მიმოსვლაზე.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან აქციის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს და აზერბაიჯანულ მხარესთან ამ პრობლემის მოგვარება სთხოვეს. ”აზერბაიჯანში ოჯახები და ნათესავები გვყავს და მისვლა-მოსვლა გვინდა. თუ ჩვენ არ გვიშვებენ, მაშინ ცალმხრივად რატომ არის ეს, საქართველომაც შეზღუდოს”, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა არტურ რასიზადემ ქვეყნის ეკოლოგიურ სტანდარტ ”ევრო-4”-ზე გადასვლის შესახებ ბრძანებას ხელი 2014 წელს მოაწერა. ამ გადაწყვეტილების მიზანია, ატმოსფეროში ავტომობილების მიერ მავნე გამონაბოლქვის შემცირება და ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება. აღნიშნული სტანდარტი ევროპის თანამეგობრობამ 1990 წლის დასაწყისში შეიმუშავა, რომელიც განსაზღვრავდა მანქანის გამონაბოლქვით დაბინძურების ხარისხის მაქსიმუმს. ეს მიდგომა სულ უფრო და უფრო იხვეწებოდა. მაგალითად, ევრო-1 შეესაბამება 1993 წლამდე გამოშვებულ ავტომობილებს, ევრო-2 - 1996 წლამდე წარმოებულს, ევრო-3 - 2000 წლამდე გამოშვებულს, ევრო-4 - 2005 წლამდე წარმოებულს.

აზერბაიჯანში, ახალი რეგულაციების თანახმად, ავტომობილები, რომლებიც ევრო-4-ის სტანდარტს არ აკმაყოფილებენ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე აზერბაიჯანის საზღვრის კვეთისას შესაბამის ანგარიშზე შეიტანს ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების 30%-დან 40%-მდე საგარანტიო თანხას. აღნიშნული თანხა მას მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის დატოვების შემდეგ დაუბრუნდება. ამასთან, კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა აზერბაიჯანის მოქალაქის წერილობითი თანხმობა, რომლითაც იგი ”ევრო 4”-ის სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში პასუხისმგებლობას იღებს.

ბუნებრივია, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება მოსახლეობისთვის შეუძლებელია. შესაბამისად, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილები ჰყავთ, აზერბაიჯანის საზღვარი დაიკეტა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეებს აზერბაიჯანიდან ავტომობილის ავზებით დაბალფასიანი დიზელი და ბენზინი გადმოჰქონდათ, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე ჰყიდდნენ ან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის იყენებდნენ. კახელებს ეს შემოსავალიც მოაკლდათ და მათი პროტესტი ამითაც არის გამოწვეული.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნას საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებია. მიუხედავად იმისა, რომ აზერაიჯანში ახალი რეგულაციების დაწესებამ პრობლემები არა მარტო უბრალო მოსახლეობას, არამედ ავტოიმპორტიორებსაც შეუქმნა. ავტომობილების ექსპორტის შემცირებით კი ქვეყანასაც ზიანი მიადგა.

აღსანიშნავია, რომ უკვე წლებია აზერბაიჯანი საქართველოსთვის ავტომობილების ექსპორტის ერთ-ერთი უმთავრესი ბაზარია. 2013 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 703,9 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები, საიდანაც ნახევარზე მეტი - დაახლოებით 380 მლნ დოლარი - აზერბაიჯანის ექსპორტზე მოდიოდა. 2014 წელს კი ავტომობილების ექსპოტი დაახლოებით 200 მილიონი დოლარით შემცირდა და ამ პროცესზე გავლენა, სწორედ აზერბაიჯანულმა რეგულაციამ მოახდინა.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”