ლიტვამ შესაძლოა  რუსულ გაზზე უარი თქვას

ლიტვამ შესაძლოა, უარი თქვას რუსული "გაზპრომის" მომსახურებაზე 2016 წელს.

ამის შესახებ ლიტვის ენერგეტიკის მინისტრმა როკას მასიულისმა "ბიბისის" რუსულ სამსახურთან ინტერვიუს დროს აღნიშნა. მისივე თქმით, "გაზპრომთან" დადებულ 10-წლიან ხელშეკრულებას მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება ვადა.

"ტექნიკურად გაზის მიღება მხოლოდ ტერმინალის დახმარებით შეგვიძლია. ამიტომ მომავალ წელს გაზის მომწოდებელთა და "გაზპრომის" წინადადებებს ერთმანეთს შევადარებთ და ჩვენთვის ეკონომიკურად ყველაზე ხელსაყრელ ვარიანტზე შევჯერდებით", - აღნიშნა ლიტვის ენერგეტიკის მინისტრმა.

2014 წლის ბოლოს ლიტვამ თხევადი გაზის საკუთარი ტერმინალი ააგო, რომელიც როკას მასიულისის თქმით, "გაზპრომის" გარეშე შეძლებს ქვეყნის თხევადი გაზით უზრუნველყოფას. მიმდინარე წლის თებერვალში "ლიტგაზმა" ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2016 წელს თხევადი გაზის მიწოდება შესაძლოა ამერიკულმა კომპანია Cheniere Energy-იმ უზრუნველყოს.

ლიტვა წლიურად 3 მილიარდ კუბომეტრ გაზს მოიხმარს.