ირაკლი ღარიბაშვილი: ტურიზმის მხრივ სამცხე-ჯავახეთს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს

სამცხე-ჯავახეთის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა სამი ძირითადი მიმართულება - ეს გახლავთ სოფლის მეურნეობა, მეწარმეობა და ტურიზმი, რომლის განვითარებაც ფეხზე დააყენებს რეგიონს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალციხეში პროექტ "ძლიერი რეგიონი, ძლიერი საქართველოსთვის" პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში გადაიდგა, რეგიონის განვითარებას ემსახურება. "ამჯერად, ვიწყებთ კიდევ ერთ ახალ პროექტს, რომელიც რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარებისკენ არის მიმართული. მიგვაჩნია, რომ ეს არის საქართველოს ეკონომიკური წინსვლისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც რეალური შედეგების მომტანი უნდა გახდეს. ამ ახალი პროექტის განხორციელებას უნდა მოჰყვეს ადგილებზე, რეგიონებში ეკონომიკური აღმავლობა, ქალაქების გამოცოცხლება, საწარმოების ამუშავება, ადამიანების დასაქმება და ჩვენი მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ სრულად შეისწავლა ყველა რეგიონის შესაძლებლობები - ბუნებრივი რესურსები, ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური რესურსები და დღეს უკვე გვაქვს დეტალური სურათი, თუ რა არის საჭირო თითოეული რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინიტრმა.

მისივე თქმით, სამცხე-ჯავახეთი არის საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონი თავისი მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, ლანდშაფტითა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით, ამიტომ ამ რეგიონის განვითარების პერსპექტივა ძალიან დამაიმედებელია.  მთავრობის მეთაურის განმარტებით, სამცხე-ჯავახეთის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა სამი ძირითადი მიმართულება - სოფლის მეურნეობა, მეწარმეობა და ტურიზმი, რომლის განვითარებაც ფეხზე დააყენებს რეგიონს.

"თქვენ იცით, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მთავრობა უკვე ახორციელებს არაერთ პროექტს. ძალიან წარმატებული პროექტები განვახორციელეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს სამცხე-ჯავახეთის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გამოსაყენებლად და ყველა რესურსის სრულად ასათვისებლად. სამცხე-ჯავახეთში გამოიკვეთა ძალიან კარგი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოების ასამუშავებლად და ამ მხრივაც საინტერესო არჩევანი არსებობს ხე-ტყის დამუშავების, ავეჯის წარმოების და ბუნებრივი რესურსების ათვისების მიმართულებით. მაგალითისთვის გეტყვით, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ახალციხის მაუდ-კამვოლის საწარმო, ახალდაბის საავეჯო ფაბრიკა, ნინოწმინდის სამკერვალო ფაბრიკა და კიდევ მრავალი სხვა, რომელთა აღდგენა და ამუშავება, რეგიონის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს და ბიზნესისთვისაც მომგებიანი იქნება. რატომ უნდა იყოს ასეთი პოტენციალის საწარმოები გაჩერებული? მე პირადად ვთავაზობ მხარდაჭერას ყველა ინვესტორს, ვინც ამ საწარმოებით დაინტერესდება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ტურიზმის მხრივ სამცხე-ჯავახეთს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.