კონკურენციის სააგენტო თავისი კვლევის შედეგებს ისევ ასაიდუმლოებს

გიორგი ბარაბაძე: "ყველაფრის გახმაურება უარყოფითად აისახება ჩვენი მუშაობის საბოლოო შედეგზე"

ქართულ ბაზარზე არსებული მონოპოლიებისა და კარტელური ფასების შესახებ მსჯელობა უკვე წლებია მიმდინარეობს. რადგან საზოგადოება ამ საკითხის ძირეულ შესწავლას მოითხოვდა, კონკურენციის სააგენტომ მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, თუმცა უწყება მოპოვებული ინფორმაციის გახმაურებისგან აშკარად თავს იკავებს. როგორც კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, კვლევის შედეგები კანონით განსაზღვრულ ვადაში გამჟღავნდება, ამ ეტაპზე კი, ყველაფრის გახმაურება სასურველი არ არის. bpn.ge-ს შეკითხვებს სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ბარაბაძე პასუხობს:

-  კონკურენციის სააგენტო უკვე 5 თვეა იკვლევს ნავთობპროდუქტების ბაზარს. თქვენი შეფასებით, რა მდგომარეობაა ამ სფეროში?

- მზარდი საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად, სსიპ კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევა საკუთარი ინციატივით დაიწყო. ბაზრის კვლევის პროცესში კონკურენციის სააგენტო ნორმატიულად დადგენილი წესის შესაბამისად მოქმედებდა და მოქმედებს - შეისწავლის ამ ბაზრის სტრუქტურას და კონცენტრაციის დონეს, არკვევს ფასების დონეს, დინამიკას და ფორსირებული ტემპით, ინტენსიურად აგრძელებს ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზრის შესწავლას. მხოლოდ მოკვლევის დასრულების შემდეგ შეიძლება გაკეთდეს საჯარო განცხადება ამ ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს თაობაზე. ამ ეტაპზე კი, რაიმე სახის ინფორმაციის გამჟღავნება დააზიანებს კვლევის ინტერესებს და უარყოფითად აისახება ჩვენი მუშაობის საბოლოო შედეგზე.

- რა შედეგით დასრულდა საწვავის ბაზარზე ფასების შესწავლის პროცესი და ითანამშრომლეს თუ არა ნავთობკომპანიებმა თქვენთან?

- მიუხედავად იმისა, რომ ნავთობპროდუქტების ფასები საზოგადოებაში სერიოზულ ვნებათაღელვას იწვევს, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ფასები ბაზარზე არსებული სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედების შედეგია. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტოს მოვალეობა არა მხოლოდ ფასების სიდიდის ზოგადი შეფასებაა, არამედ მათი განმსაზღვრელი ფაქტორების დადგენაც. ზოგადად, ის ადამიანები, რომლებიც ფასების კონტროლს კონკურენციის სააგენტოს ფუნქციად მიიჩნევენ, არასწორად უდგებიან ამ საკითხს და საზოგადოებაც შეცდომაში შეჰყავთ. ერთადერთი, რაც კონკურენციის ორგანოს უნდა მოეთხოვოს, სასაქონლო ბაზრების ანალიზი და მონიტორინგია. თუ მოკვლეულ ბაზრებზე ადგილი ექნება დემპინგური, მონოპოლიურად მაღალი, ან დაბალი ფასების გამოყენებას, ასევე, კონკურენციის შემზღუდავ შეთანხმებებს ანუ კარტელებს, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას და ა.შ... სწორედ მსგავსი უკანონო ქმედებები უნდა აღიკვეთოს კონკურენციის სააგენტოს მიერ, თუმცა ამ ყველაფერს სერიოზული დასაბუთება და სიღრმისეული შესწავლა სჭირდება, რაც თავის მხრივ, დროს მოითხოვს. რაც შეეხება ნავთობკომპანიებთან თანამშრომლობას, ეს პროცესი კანონმდებლობის ფარგლებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ ურთიერთობაში შეფერხებებიც გვაქვს. ამიტომ, სააგენტოს პირდაპირი კომუნიკაცია აქვს ყველა ეკონომიკურ სუბიექტთან და ცდილობს მათთან ითანამშრომლოს.

- როგორც ვიცით, კონკურენციის სააგენტომ ავტოგაზის ბაზრის კვლევაც დაიწყო. რა სიახლეებია ამ მიმართულებით?

- სსიპ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 6 თებერვლის ბრძანების საფუძველზე დაიწყო მოკვლევა ამ სფეროში არსებული სავარაუდო დარღვევის ფაქტზე. მოკვლევა ეხება საავტომობილო გაზის რეალიზატორი კომპანიების მიერ 2014 წლის აგვისტოს თვეში პროდუქციის 5 თეთრით გაძვირების ფაქტს. ამის გამო "საქართველოში ბუნებრივი აირით მოსარგებლეთა გაერთიანებამ" შემოიტანა განცხადება, რომელშიც გვთხოვდა დაგვედგინა - ადგილი ჰქონდა თუ არა ამ ბაზრის სუბიექტებს შორის შეთანხმებულ მოქმედებას ანუ კარტელს. ჩვენც, მოკვლევის წარმოებისთვის გამოვითხოვეთ აუცილებელი საფინანსო-ეკონომიკური მაჩვენებლები. ამჟამად მიღებული ინფორმაციის დამუშავება მიმდინარეობს. პარალელურად, 16 მარტიდან დაიწყება შეხვედრები შესაბამის ეკონომიკურ აგენტებთან და განხორციელდება საავტომობილო ბაზრის კომლექსური ანალიზი. რის შემდეგაც კანონით განსაზღვრულ ვადებში შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტიც მომზადდება და გამოქვეყნდება.

- ნავთობპროდუქტები ერთადერთი თემა არ არის, რომელიც კონკურენციის სააგენტოს ინტერესის სფეროში მოხვდა. სწავლობთ თუ არა მედიკამენტების ბაზარს?

- სსიპ კონკურენციის სააგენტო ამ ეტაპზე არაერთი საქმის მოკვლევას აწარმოებს, მათი ჩამოთვლა ერთ ინტერვიუში ძალიან რთულია. რაც შეეხება მედიკამენტების ბაზრის შესწავლას, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ამ ბაზარზე არსებული ანტიკონკურენციული ქმედების შესახებ დღემდე საზოგადოების არცერთ ნაწილს კონკურენციის სააგენტოში საჩივარი, ან განცხადება არ შემოუტანია. ამასთან, აღნიშნული ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, სააგენტოს ამ ეტაპზე ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა საკუთარი ინიციატივითაც არ დაუწყია. თუმცა, არ არის გამორიცხული, დღის წესრიგში ამ ბაზრის შესწავლის საკითხიც დადგეს.

- ცნობილია, რომ სააგენტო ფქვილისა და ყავის ბაზრის მონიტორინგსაც ატარებდა. ამ მიმართულებით რა შედეგები მიიღეთ?

- დიახ, კონკურენციის სააგენტოს ამ სფეროს მოკვლევაც დაწყებული აქვს. ამის მიზეზი საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია "გლობალ აგროს" განცხადება გახდა. უკვე დადგენილია შესაბამისი ეკონომიკური აგენტები და გამოთხოვილია კონკრეტული ინფორმაცია. ამჟამად, ეს ინფორმაცია დამუშავების პროცესშია. ამასთან, შესწავლის პროცესში გამოიკვეთა უმნიშვნელოვანესი გარემოებები. ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, სააგენტოს მიეცემა შესაძლებლობა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში უზრუნველყოს საკითხის საბოლოო განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტიც მოამზადოს. ხოლო ყავის სასაქონლო ბაზრის მონიტორინგს ბაზრის საერთო სურათის დადგენის მიზნით ვაწარმოებთ. მიმდინარეობს შესაბამისი სამსახურებიდან ინფორმაციის გამოთხოვისა და დამუშავების პროცესი. ამასთან, ტარდება საზოგადოების გამოკითხვა როგორც ელექტრონული, ასევე ანკეტირების ფორმითაც. ამგვარი კვლევები შესაძლოა სხვა სასაქონლო ბაზრებზეც ჩატარდეს, რომ უფრო მეტი მასალა გვქონდეს ჩვენს ქვეყანაში არსებული ზოგადი კონკურენტული გარემოს შესაფასებლად.

ხათუნა ჩიგოგიძე