ამერიკელი ინვესტორები საქართველოს ბიოტექნოლოგიური მიღწევებით დაინტერესდნენ

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაციამ პოტენციურ ინვესტორებს საქართველოში ბიოტექნოლოგიების ცენტრის შექმნის საკითხი გააცნეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკული მხარის წარმომადგენლებმა მოისმინეს ინფორმაცია ბიოტექნოლოგიების სფეროში ქართველი სპეციალისტების მიღწევებსა და სამეცნიერო პოტენციალზე.

8-13 მარტს სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრები ამერიკის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ, ბიზნეს და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილული იყო ქართველ და ამერიკელ მეცნიერებს და ინოვატორებს შორის პროექტების განხორციელების ინტენსიობის გაზრდის შესაძლებლობა, პროექტების ამერიკულ ბაზარზე კომერციალიზაციის საკითხი. მათ შორის, პერსპექტიული გამოყენებითი კვლევების წარმოების პროცესში საქართველოს ჩართულობა და ამერიკელი სპეციალისტების მონაწილეობა ქართული სტარტაპ კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლების პროცესში.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინოვაციური მეწარმეობის და სტარტ-აპ ეკოსისტემის განვითარების წამყვანი პროგრამების ხელმძღვანელებთან, პერსპექტიული გამოყენებითი კვლევების ლაბორატორიის (MIT Media Lab), ბიტების და ატომების ცენტრის (პირველი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია), აქსელერატორების წარმომადგენლებთან.

საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდნენ ქალაქ ბოსტონში განლაგებული წამყვანი აქსელერატორის MassChallenge Accelerator-ის წარმომადგენლებს. აღნიშნული პროგრამა დამწყები კომპანიების შექმნის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტი გახდა. საერთო ჯამში აქსელერატორმა 5 წლის განმავლობაში 617 დამწყები კომპანიის, 5000 სამუშაო ადგილის და 700 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვის ხელშეწყობა განახორციელა. აქსელერატორის დამფუძნებელი საქართველოში პროექტის განვითარებით დაინტერესდა ასევე გამოითქვა მზადყოფნა, რომ ქართულმა სტარტ-აპებმა საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლება და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის სპეციფიკა აღნიშნული აქსელერატორის მეშვეობით განახორციელონ.

მოგვიანებით, სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში გაგრძელდა, სადაც საქართველოს დელეგაცია ამერიკის სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ შორის, გაიმართა შეხვედრები აშშ-ის სენატის, კონგრესის, კომერციისა და ეკონომიკური განვითარების და სახელმწიფო დეპარტამენტებთან. გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრები დონორი ორგანიზაციების, მათ შორის, მსოფლიო ბანკის, infoDev-ისა და USAID ინოვაციების განვითარების ლაბორატორიის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნა მიმდინარე პროექტები და სამომავლოდ თანამშრომლობის საკითხები.

საქართველოს დელეგაციამ, აშშ-ის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად, ერთობლივი კვლევებისა და ინოვაციების კომერციალიზაციის განვითარებისათვის დაგეგმა ერთობლივი ვორქშოპის ორგანიზება. გარდა ამისა, განხილული იყო შესაძლებლობა ქართველი მეცნიერების ერთობლივ კვლევით პროექტებში ჩართულობაზე. ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართა შეხვედრა აშშ-ში საქართველოს საელჩოში, რომლის დროსაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებმა გამართეს პრეზენტაცია პოტენციური ინვესტორებისა და დაინტერესებული საქმიანი წრეებისთვის.