ექსპერტები ხელისუფლებას საგადასახადო შემოწმებების სისტემის განახლებისკენ მოუწოდებენ

დამოუკიდებელი ექსპერტები ხელისუფლებას საგადასახადო შემოწმებების სისტემის განახლებისა და ვადების შემცირებისკენ, ხოლო კონკურენციის სააგენტოს ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის დასრულებისკენ მოუწოდებენ.

ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის არსებულ პრობლემებზე, დღეს პრესკონფერენციაზე ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ და იურისტმა იმედა დვალიძემ ისაუბრეს. მათი თქმით, ის მანკიერი პრაქტიკა, რაც წარსულში საგადასახადო შემოწმებებს თან ახლდა საწარმოების დალუქვის, საქმიანობის შეჩერების სახით, დღეს მინიმუმამდე არის დაყვანილი, თუმცა ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა ბიზნესის წარმომადგენლების პრეტენზიებმა საგადასახადო შემოწმებების გახშირებისა და შემოწმების პროცესის ვადების მნიშვნელოვან ზრდასთან დაკავშირებით.

ლევან კალანდაძის თქმით, ეს პრობლემა თანაბრად ეხება ბიზნესის ყველა სფეროს, მაგრამ განსაკუთრებით შეინიშნება ნავთობპროდუქტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების მიმართულებით. "საკითხს კიდევ უფრო ამწვავებს დაუსრულებელი კამათი საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასის ადეკვატურობასთან დაკავშირებით. არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ხელისუფლების აქცენტირება და საკითხების სწრაფი გადაწყვეტა ორ მთავარ საკითხზე. კერძოდ, მაკონტროლებელ ორგანოებში საგადასახადო შემოწმებებისადმი დღეს არსებული მიდგომების სისტემური ცვლილება და განახლება. ეს ეხება საგადასახადო შემოწმებების პრაქტიკის კიდევ უფრო ლიბერალიზაციას, მაკონტროლებელ ორგანოებში ბიზნეს სტრუქტურების წარმომადგენლების დაბარებების და საგადასახადო შემოწმებების სიხშირის ოპტიმიზაციას, ვადების შემცირებას. ასევე, კონკურენციის სააგენტომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა უზრუნველყოს ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის დასრულება და საზოგადოებას წარმოუდგინოს შესაბამისი დასკვნები", - განაცხადა კალანდაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ გასული წლის 18 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე დაინტერესდა, რატომ არ ხდება საქართველოში საწვავზე ფასების კლება მსოფლიო ფასების ადეკვატურად. ირაკლი ღარიბაშვილმა კონკურენციის სააგენტოს შესაბამისი ანგარიშის წარსადგენად 10-დღიანი ვადა მისცა. არსებული ინფორმაციით, სააგენტომ პრემიერს საწვავის ფასებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში მიმდინარე წლის დასაწყისში გააცნო, თუმცა საბოლოო დასკვნა ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი.