ახალქალაქი-რკონის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კასპის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქი-რკონის საავტომობილო გზის 4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,  სამშენებლო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მათივე ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ამჟამად გაბიონების, საყრდენი კედლების, რკინაბეტონის მილებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება განხორციელდება, ასევე კიუვეტების, ეზოებში შესასვლელების, მიერთებების, საგზაო ნიშნებისა და ავტობუსების გაჩერებების მოწყობაა დაგეგმილი.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებს ახალქალაქს, გარიყულას და ერთაწმინდას გაივლის, რომელიც ერთაწმინდის ტაძრის კომპლექსთან სრულდება. სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 2 478.000 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. პროექტის დასრულება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი.