აშშ მსოფლიოში იარაღის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის SIPRI-ის მონაცემებით, აშშ-ს რუსეთი და ჩინეთი მოსდევენ.

მსოფლიოში იარაღის უმსხვილესი ექსპორტიორი კვლავ აშშ-ია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ”ბლუმბერგი” ავრცელებს. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის SIPRI-ის მონაცემებით, აშშ-ს რუსეთი და ჩინეთი მოსდევენ. SIPRI-ის ინფორმაციით, 2005-2009 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2010-დან 2014 წლის ჩათვლით უცხოეთის ქვეყნებში აშშ-ის გადაზიდვების მოცულობა 23%-ით გაიზარდა, რუსეთიდან კი 37%-ით. რაც შეეხება მსოფლიოში იარაღის კიდევ ერთ მსხვილ ექსპორტიორს, ჩინეთს, იარაღის ექსპორტი 2010-2014 წლის პერიოდში 143 პროცენტით გაზარდა.

SIPRI-ის მონაცემებით, იარაღის ექსპორტი შემცირდა გერმანიიდან და საფრანგეთიდან - შესაბამისად, 43 და 27 პროცენტით. იარაღის მსხვილ ექსპორტიორთა ათეულში მოხვდნენ ასევე დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, უკრაინა და ისრაელი. SIPRI-ის მონაცემებით, საერთო ჯამში 2005-2009 წლის პერიოდთან შედარებით, 2010-2014 წლის პერიოდში მსოფლიოში იარაღის ექსპორტი 16 პროცენტით გაიზარდა.

”ბლუმბერგის” ცნობით, იმპორტიორთა ხუთეული კი ასე გამოიყურება - ინდოეთი, საუდის არაბეთი, ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიეროები და პაკისტანი, რომელთა წილიც იარაღის გლობალური იმპორტის ბაზარზე საერთო ჯამში, 33 პროცენტს შეადგენს.

SIPRI იარაღის ექსპორტის მოცულობას ხუთწლიან პერიოდში ანგარიშობს.