ედგარს რინკევიჩი: თუ საქართველო მზად არის, ვიზების ლიბერალიზაცია უნდა მივანიჭოთ

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩის განცხადებით, თუ ვიზების ლიბერალიზაციისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები შესრულებული იქნება, მაშინ საქართველოს უნდა მიანიჭონ ვიზების ლიბერალიზაცია.

ამის ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

"როდესაც ჩვენ განვიხილავთ აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან ურთიერთობას, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმეს და რომლებიც მუშაობენ ვიზა ლიბერალიზაციის მისაღებად, საკუთარ თავსა და პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს ყოველთვის ვახსენებთ, რომ უნდა ვიმოქმედოთ პრინციპით - მეტი უფრო მეტისთვის.  თუ ვიზების ლიბერალიზაციისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები შესრულებული იქნება, თუ იქნება ევროკომისიის პოზიტიური შეფასება, რომელსაც საკმაოდ მალე ველოდებით, მაშინ ჩვენ უნდა მივანიჭოთ საქართველოს ვიზების ლიბერალიზაცია", - განაცხადა რინკევიჩმა.

მისივე თქმით, რიგის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოს და მსჯელობის დროს ბევრი კოლეგისგან ამ პრინციპის დადასტურება მოისმინა. "თუ საქართველო მზად არის, ჩვენც უნდა მივანიჭოთ საქართველოს ვიზების ლიბერალიზაცია. ამავე დროს, მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ ძალიან ბევრი რამ ქვეყანაზეც არის დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მაგალითი - მოლდოვამ დააკმაყოფილა ყველა საჭირო კრიტერიუმი, შეასრულა საშინაო დავალება და უკვე 1 წელია, რაც ვიზების ლიბერალიზაცია მიიღო. მე მაქვს იმედი, რომ საქართველოს შეუძლია დააკმაყოფილოს ყველა აუცილებელი კრიტერიუმი და ამ შემთხვევაში მე მჯერა, რომ ჩვენ გვექნება საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ არა, მაშინ უნდა შევაფასოთ, სად გვაქვს პრობლემები, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ კორექტირება შევიტანოთ", -განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლის კომენტარსაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.