ოთარ დანელიამ და რიჩარდ ნორლანდმა საქართველო-აშშ-ს სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით თანამშრომლობა განიხილეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში, დღეს მინისტრი ოთარ დანელია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის განვითარების განახლებული სტრატეგიის საფუძველზე შემუშავებული სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინირებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა.

ოთარ დანელიას თქმით, მარტის ბოლოსთვის დაგეგმილ დონორთა საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში ორგანიზებულ შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ ხედვას წარადგენს.

უწყების ინფორმაციით, რიჩარდ ნორლანდმა ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ერთობლივად უნდა განახორციელონ. "ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ აპრილის ბოლოსთვის სოფლის მეურნეობის მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ვიზიტზე. ვფიქრობთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურების მიმართულებით იქნება წინსვლა და საქართველო, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყანა, დაიკავებს საკუთარ ადგილს საერთაშორისო ბაზარზე", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.