გიორგი მარგველაშვილი ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის პროექტის საძირკვლის ჩაყრაში მიიღებს მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტი დღეს თურქეთს ეწვევა.

ქალაქ ყარსში გიორგი მარგველაშვილი, თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად, "ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის" (TANAP) პროექტის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი. "სწორედ TANAP-ის საშუალებით ევროკავშირს აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით დამატებით მიეწოდება ბუნებრივი აირი, რაც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პროექტია და საქართველოს მონაწილეობა ასეთი ტიპის პროექტში, თავისთავად, საგულისხმოა," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ყარსის კავკასიის უნივერსიტეტს ესტუმრება, სადაც ქართული ენის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდება. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.