სოფლის მეურნეობის სამინისტროში ENPARD-ის პროექტის მიმდინარეობა განიხილეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში "ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის" (ENPARD) პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშე ხუან ეჩანოვე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე, სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლები.

შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გახსნა. მან სოფლის მეურნეობის განვითარების განახლებული სტრატეგიის საფუძველზე შემუშავებული სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მინისტრმა გაამახვილა ყურადღება იმ გამოწვევებზეც, რომელთა წინაშეც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების DCFTA ხელმოწერის შემდეგ დგას.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშემ, ხუან ეჩანოვემ ENPARD-ის პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაოების მოკლე ანგარიში წარმოადგინა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სახელით, ხუან ეჩანოვემ დაადასტურა, რომ 2016 წლიდან ENPARD II დაიწყება. სოფლის მეურნეობის ატაშეს თქმით, ამჟამად მიმდინარეობს პროექტის ENPARD II დიზაინის შემუშავება.

პროექტში ჩართულმა მხარეებმა ENPARD-ის სხვადასხვა კომპონენტების ფარგლებში მიღწეული პროგრესი განიხილეს. მხარეებმა ისაუბრეს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ახლად შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით, პროექტის ENPARD II სამომავლო კომპონენტებში უნდა იყოს ასახული. შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობა ENPARD-ის პროექტის წარმატებული რეალიზაციისათვის, რაც თავის მხრივ საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას უწყობს ხელს.