საპარტნიორო ფონდი ექსპორტის ხელშემწყობ სააგენტოს ქმნის

საექსპორტო ბაზრებზე ორიენტირებული ადგილობრივი კომპანიების დასახმარებლად, საპარტნიორო ფონდი ექსპორტის ხელშემწყობი სააგენტოს სტრუქტურაზე მუშაობს.

ფონდის ინფორმაციით, ამ მიზნით საერთაშორისო კონსულტანტი - ექსპორტის ხელშეწყობის ცნობილი იტალიური სააგენტო "საჩე" (SACE) შეარჩია, რომელთან ერთადაც საპარტნიორო ფონდი მომდევნო სამი თვის განმავლობაში სააგენტოს სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და იმ პროდუქტებისა და პროცედურების შექმნაზე იმუშავებს, რომელიც საქართველოში ექსპორტიორების ფინანსირებას ხელს შეუწყობს.

"ეს საშუალებას მოგვცემს, შემდგომი განვითარებისა და გაფართოების პერსპექტივით პირველ ეტაპზე შევქმნათ მინიმუმ 4 პროდუქტი, როგორებიცაა ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით საკრედიტო დაზღვევა, დოკუმენტური დაკრედიტება, ფაქტორინგული ოპერაციები, ფინანსური გარანტიები. ზოგადად პროდუქტები, რომლებიც დაკავშირებულია ექსპორტიორი კომპანიების საკრედიტო რისკების დაზღვევასა და ამ რისკების გადანაწილებასთან", - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ.

კოვზანაძის თანახმად, ყოველივე ეს ექსპორტიორ კომპანიებს საშუალებას მისცემს, ადგილობრივი ოპერაციებისთვისაც საექსპორტო ბაზრის გასაფართოებლად ფინანსირება მოიპოვონ. ფონდში ვარაუდობენ, რომ სააგენტო სამი თვის განმავლობაში შეიქმნება. ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო საპარტნიორო ფონდის ბაზაზე შვილობილის სტატუსით ჩამოყალიბდება.