ევროკავშირის შვიდი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს

ევროკავშირის შვიდი ქვეყანა უარს აცხადებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებაზე.

"ბლუმბერგის" ცნობით, ეს ქვეყნებია უნგრეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, ესპანეთი, კვიპროსი, იტალია და საბერძნეთი. უფრო მეტიც, მოსკოვში ცოტა ხნის წინ კვიპროსის პრეზიდენტი, ნიკოს ანასტასიადისი და იტალიის პრემიერ-მინისტრი, მატეო რენცი იმყოფებოდნენ, რომელთაც "ბლუმბერგის" ცნობით, "პრივილეგირებულ პარტნიორებს" უწოდებენ.

როგორც ცნობილია, აპრილში დაგეგმილია მოსკოვში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის ვიზიტიც. "შედეგი ისაა, რომ ეს ქვეყნები სანქციების გაფართოებაზე ამ დრომდე უარს აცხადებენ, ისინი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისგან თავს მანამ შეიკავებენ, ვიდრე სანქციების ვადის ამოწურვა არ მოახლოვდება", - განაცხადა "ბლუმბერგთან" ინტერვიუში ბრიტანელმა დიპლომატმა, იან ბონდმა.

ევროკავშირმა რუსი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გასული წლის მარტში, ყირიმის ანექსიის გამო, სავიზო და სავაჭრო შეზღუდვები დააწესა. ცოტა ხნის წინ კი სანქციების კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს.