ვლადიმერ პუტინი: სანქციები ფატალური არ არის, მაგრამ მუშაობას ზიანს მაინც აყენებს

მოსკოვში, ვასილევსკის დაღმართზე, კრემლთან მიტინგი-კონცერტი გაიმართა, სახელწოდებით "ყველა ერთად ვართ", რომელზეც ყირიმის ანექსიის წლისთავი იზეიმეს.

მიტინგზე ვლადიმერ პუტინიც მივიდა. რუსული სააგენტოების ცნობით, მან რუსეთის ჰიმნი შეასრულა და დღევანდელი თარიღი მიულოცა. თავის გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინელი და რუსი ხალხი ერთია და ისინი აუცილებლად მისცემენ შეფასებას იმ ადამიანების ქმედებებს, "ვინც ქვეყანა ამ დონემდე მიიყვანა". "აუცილებლად დაიძლევა ის პრობლემები და სიძნელეები, რომლებსაც გარედან გვიქმნიან. ეს უსარგებლო საქმიანობაა რუსეთის წინააღმდეგ", - აღნიშნა პუტინმა.

მანამდე კი რუსეთის პირველმა პირმა ყირიმის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხზე გამართულ თათბირზე განაცხადა, რომ სანქციები, რომლებიც რუსეთს ყირიმის გამო დაუწესდა, ფატალური არ არის, მაგრამ რუსეთს ზიანი მაინც მიაყენა. "ცხადი იყო, რომ არა მხოლოდ გარდამავალი პერიოდის სირთულეებს გადავაწყდებოდით, არამედ საგარეო წინააღმდეგობასაც. დასავლეთის მთელი რიგი ქვეყნების მხრიდან ყირიმისა და მთლიანად რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. სანქციები დაწესდა. ეს ყველაფერი ფატალური არ არის, მაგრამ რაღაც ზიანს მაინც აყენებს მიმდინარე მუშაობას", - განაცხადა პუტინმა.