ქართული ხორცისთვის აზერბაიჯანის ბაზარი საერთოდ ჩაიკეტა

აზერბაიჯანელ იმპორტიორებს 1 კგ ხორცს მინიმალურ ფასად - 4,5 ლარად სთავაზობენ, მაგრამ მაინც არავის მიაქვს

ქართული ხორცისთვის მეზობელი ქვეყნის ბაზარი საბოლოოდ დაიხურა. ფერმერების ინფორმაციით, აზერბაიჯანელ იმპორტიორებს ხორცს მინიმალურ ფასად 1 კილოგრამს 4,5 ლარად სთავაზობენ, თუმცა ამ ქვეყნიდან მოთხოვნა საერთოდ აღარ არის. არადა, წინა წლებში აზერბაიჯანში ხორცის ექსპორტის მკვეთრი ზრდის გამო, ქართველმა ფერმერებმა კრედიტები აიღეს და სახორცე პირუტყვის მოშენება დაიწყეს. ახლა კი მათ ბიზნესს სერიოზული საფრთხე შეექმნა.

"რეზონანსი" აღნიშნულ პრობლემაზე ერთი თვის წინათ წერდა. ეკონომიკის სამინისტროში აზერბაიჯანში ექსპორტის შეფერხება დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ მსხვილფეხა საქონელზე მოთხოვნა მართლაც შემცირდა. მთავარი მიზეზი კი არის ის, რომ მეზობლებმა უფრო ხელსაყრელი ბაზარი მოძებნეს. ფერმერები "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავდნენ, რომ ისინი ცდილობდნენ, აზერბაიჯანელ იმპორტიორებთან საერთო ენა გამოენახათ. დავინტერესდით, რა შეიცვალა 1 თვის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ მდგომარეობა უფრო გართულდა, ქართული ხორცისთვის აზერბაიჯანის ბაზარი საერთოდ ჩაიკეტა.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინათ იგი ესაუბრა აზერბაიჯანელებს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ დიდი რაოდენობის ხორცი შედის უკრაინიდან და მათთვის საქართველოს ბაზარი საინტერესო აღარ არის. "მდგომარეობა არათუ გამოსწორდა, პირიქით, მოთხოვნა საერთოდ აღარ არის. პერსპექტივაშიც არაფერი ჩანს. აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ უფრო იაფად ყიდულობენ ხორცს უკრაინაში. საქართველოში 1 კილოგრამი ცოცხალი წონის შესასყიდი ფასი 4,5 ლარია. არ ვიცი ამაზე იაფად ყიდვას უკრაინაში როგორ ახერხებენ. ქართველი ფერმერებისთვის ფასის კიდევ უფრო დაწევა უკვე ზარალია", - ამბობს ნინო ზამბახიძე.

ორგანიზაცია "მომავლის ფერმერის" თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი ასევე ადასტურებს, რომ აზერბაიჯანში ხორცის ექსპორტის მიმართულებით მდგომარეობა ოდნავადაც არ შეცვლილა. "პრობლემა პრობლემად დარჩა. მოთხოვნა აღარ არის. ძალიან საინტერესოა, რატომ დაიკარგა ეს ბაზარი", - ამბობს რუსუდან გიგაშვილი.

მისი განცხადებით, მესაქონლეები, ძირითადად, აზერბაიჯანის ბაზარზე იყვნენ ორიენტირებულნი. ეს მიმართულება იყო მზარდი, ამიტომ მათ აიღეს კრედიტი და დაიწყეს პირუტყვის მოშენება. ამასობაში კი აზერბაიჯანისკენ პრობლემა გაჩნდა. 5-6 თვის განმავლობაში ექსპორტი ეტაპობრივად მცირდებოდა და შემდეგ საერთოდ შეწყდა.

"ქართველი ფერმერები ორიენტირებულნი იყვნენ ბუღას ექსპორტზე. აზერბაიჯანელები ჩამოდიოდნენ და ადგილზე ყიდულობდნენ პირუტყვს. ბუღა უნდა ყოფილიყო 3 წლის და მისი ღირებულება წონის მიხედვით 1700 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობდა. ეს იყო საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი. მას შემდეგ, რაც ბაზარი ჩაიკეტა, ფერმერები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში პირუტყვის საკვები ძვირია. ამიტომ მათ ერთი სული აქვთ, საქონელი თავიდან მოიშორონ და ალბათ რამდენიმე ფერმა დაიხურება კიდეც. ზუსტი მიზეზი, თუ რატომ ჩაიკეტა ბაზარი არ ვიცით, ვერ მივიღეთ პასუხი შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან. ერთმა აზერბაიჯანელმა ვაჭარმა მითხრა, რომ ყაზახეთის ბაზარზე გავიდნენ, მეორემ თქვა, პირუტყვი უკრაინიდან ჩამოგვყავსო", - ამბობს რუსუდან გიგაშვილი და აღნიშნავს, რომ ინფორმაციები მხოლოდ მითქმა-მოთქმის დონეზეა.

აგროგანვითარების ჯგუფის მთავარი ვეტერინარი მიხეილ ჭიჭაყუა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანში ექსპორტის შეწყვეტამდე 1 კგ ცოცხალი წონის ღირებულება 6 ლარი იყო, ამჯერად კი - 4-4,5 ლარია. "ხორცზე ნაკლებია ფასი. აზერბაიჯანთან ვაჭრობა აღარ გვაქვს და ეს ფასზე მოქმედებს. ხორცის წარმოება საქართველოში ერთ-ერთი პერსპექტიული დარგია, თუკი შესაფერისი ხელშეწყობა იქნება. ბაგაზე გაზრდილი დაკლული პირუტყვის ხორცის თვითღირებულება 8 ლარია, ველზე გაზრდილი პირუტყვის ხორცი კიდევ უფრო იაფია. რატომ დაიკეტა აზერბაიჯანი, ამის ზუსტი მიზეზი ვერ დავადგინეთ", - ამბობს მიხეილ ჭიჭაყუა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წელს ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი 18,2 მილიონი დოლარი იყო. 2012 წელს ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა და 39 მლნ დოლარი შეადგინა, 2013 წელს კი 47 მილიონ დოლარს გაუტოლდა. ეს ის პერიოდია, როდესაც აზერბაიჯანში ექსპორტმა მკვეთრად მოიმატა, რამაც ქართველ ფერმერებს მესაქონლეობის ბიზნესის გაფართოების სტიმული მისცა. 2014 წელს ექსპორტი 30 მლნ დოლარამდე შემცირდა. ფერმერები 2015 წელს უფრო დრამატულ სურათს ელიან.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"