"დოიჩე ველე": საქართველოს აქვს შანსი, მაისში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეთანხმებას ხელი მოაწეროს

საქართველოს და უკრაინას აქვთ შანსი, მაისის შუა რიცხვებში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერონ.

ამის შესახებ "დოიჩე ველე" რუსული ბიურო ევროკომისიის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. თუმცა, წყაროს განცხადებით, უვიზო რეჟიმის გაფორმებამდე ამ ორმა ქვეყანამ ევროკავშირის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. ამასთან, ”დოიჩე ველე” იხსენებს "როიტერის ” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ევროკომისიის წარმომადგენლებმა უკრაინასა და საქართველოსთან სავიზო შეთანხმების გაფორმებას ჯერ შორეული პერსპექტივა უწოდეს.

"როიტერის" ცნობით, გერმანიამ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მაისში, რიგის სამიტზე ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების გაფორმების იმედები გაუცრუვა. წყაროების ცნობით, მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თუმცა რამდენად მოესწრება მაისში მისი სისრულეში მოყვანა, პროგნოზირება რთულია.