უცხოელ ინვესტორებს საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან

"ჩემს 7, 8 და 10 წლის შვილებს უარი იმ მოტივით უთხრეს, რომ შეიძლება საქართველოსთვის საშიშები იყვნენ"

"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში შეტანილმა ცვლილებებმა საქართველოში მყოფ ბევრ უცხოელს შეუქმნა პრობლემა. პირველ რიგში კი ბიზნესმენებსა და სტუდენტებს. ადამიანები, რომლებიც საქართველოში თვეები, წლები ცხოვრობდნენ, მოულოდნელად ქვეყნის უშიშროებისთვის საფრთხის შემცველები აღმოჩნდნენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთია კონტრდაზვერვის ოფიციალური დასკვნა, რომელიც ბინადრობის ნებართვის მთხოვნელმა უცხოელებმა საპასუხოდ მიიღეს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საფრთხის შემცველთა შორის არასრუწლოვნებიც აღმოჩდნენ. სავიზო რეგულაციების გამკაცრებას საქართველოში მოქმედი ზოგიერთი უცხო ქვეყნის დიპლომატიც გამოეხმაურა. მათი თქმით, არსებულმა სავიზო პოლიტიკამ, პირველ რიგში, საქართველოს ეკონომიკა დააზარალა, რადგან ახალმა კანონმა ბიზნესმენების საკმაოდ დიდ ნაწილს საქართველოში უცხოური ინვესტიციების დაბანდების განზრახვაზე ხელი ააღებინა. შექმნილი უხერხულობის გამო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მობოდიშებაც კი მოუწია. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რას მოიმოქმედებს მთავრობა სავიზო პოლიტიკის რეჟიმის შესარბილებლად.

Bpn.ge იმ უცხოელებს დაუკავშირდა, რომლებიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ქვეყნის უშიშროებისთვის საფრთხის შემცვლელად მიიჩნია. ზოგიერთმა ეს დასკვნა სასამართლოში გაასაჩივრა, ხოლო ზოგიერთმა ქვეყანა უკვე დატოვა. ვოლთან ბაიბურთს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. წლებია საქართველოში ცხოვრობს და ბიზნესით არის დაკავებული. "ჩემი მეუღლე ქართველია. თუმცა, თურქეთის მოქალაქეა. კანონის შესაბამისად, მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმეს, რადგან უცხოელი საქართველოს მოქალაქე ვერ იქნება. ჩემი შვილები საქართველოში დაიბადნენ, აქაური მოქალაქეობა მიიღეს. თუმცა მოგვიანებით მათაც თურქეთის მოქალაქეობა მიიღეს და ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მათ საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმეს. ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით შესაბამისს უწყებას მივმართეთ. ჩემს ცოლს თანხმობა უთხრეს, ხოლო ჩემს არასრუწლოვან შვილებს, რომლებიც 7, 8 და 10 წლის გოგონები არიან, უარი იმ მოტივით უთხრეს, რომ შეიძლება საქართველოსთვის საშიშები იყვნენ. მგონი ხვდებით როგორი ალოგიკურია ეს უარი. ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გავასაჩივრეთ. პროცესი 3 აპრილსაა დანიშნული. იურისტი გვაიმედებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ჩვენს სასარგებლოდ მიიღებს, რადგან ჩვენს შემთხვევაში კანონი დაირღვა, ადგილი აქვს ოჯახის გახლეჩვას. შეიძლება დედ-მამას საქართველოში ცხოვრების უფლება ჰქონდეს, ხოლო არასრულწოვნებს არა?", - ამბობს ვოლთან ბაიბურთი.

გამკაცრებული სავიზო რეგულაციები შეეხო რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ რევაშოვსაც, რომელიც 90-იან წლებამდე საქართველოში ცხოვრობდა. "ლენინგრადში დავიბადე, საქართველოში 6 წლის ჩამომიყვანეს. სკოლა აქ დავამთავრე. დედაჩემი, მისი მშობლები საქართველოში დაბადებულ-გაზრდილები არიან. 90-იან წლებში რუსეთში სასწავლებლად გავემგზავრე. იქ რუსეთის მოქალაქეობა მივიღე, შემდეგ მუშაობა დავიწყე და დავრჩი. პერიოდულად საქართველოში, ჩაქვში მცხოვრებ დედას ვაკითხავდი. ახლა დედა ცუდად არის, პირველი ჯგუფის ინვალიდია, დამოუკიდებლად თავის მოვლა არ შეუძლია. დედასთან ახლოს რომ ვყოფილიყავი, საცხოვრებლად და სამუშაოდ საქართველოში ჩამოვედი, მაგრამ უარი მითხრეს - საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენო. ვისთვის უნდა ვიყო საშიში? საქართველო ჩემი სამშობლოა, აქ გავიზარდე და ნუთუ, აქ ცხოვრების უფლება არ მაქვს? დახმარებისთვის "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" მივმართე. მათი იურისტის დახმარებით ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გავასაჩივრე. ჯერ პროცესი ჩანიშნული არ არის."

Bpn.ge-მ კიდევ ერთ უცხოელთან დაკავშირება სცადა. ერაყელმა მცირე მეწარმემ დახმარებისთვის "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" მას შემდეგ მიმართა, რაც ბინადრობის ნებართვაზე უარი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა, უარი მიიღო. ერაყელმა მეწარმემ საქართველო უკვე დატოვა და მასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

როგორც ჩვენთან საუბარში "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" იურისტმა გიგი ჩიხლაძემ აღნიშნა, გარკვეული თანამდებობის პირების მხრიდან აბსოლუტურად გაუგონარი თვითნებობა ხდება. "განსაკუთრებით აღვნიშნავდი კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომლის დასკვნა საჭიროა ბინადრობის ნებართვის გასაცემად. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასეულობით ადამიანია, ვისაც ბინადრობის ნებართვაზე უარი უთხრეს, რადგან შეიძლება საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. გვქონდა შემთხვევა, როცა ოჯახი ორ წევრს ბინადრობის ნებართვაზე თანხმობა უთხრეს, ხოლო არასრულწლოვან შვილებს უარი, რადგან ისინი ქევყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. სომეხი პროფესორი ქალბატონი იყო, რომელიც "აისეტის" უნივერსიტეტში ასწავლის, ლექტორია. მეუღლე იტალიის მოქალაქეა. შვილები ჰყავთ. ამ კანონის საფუძველზე მას ბინადრობის ნებართვის აღების ვალდებულება გაუჩნდა. თურმე ქვეყნის უშიშროებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და უარი უთხრეს. თუმცა, მის მეუღლეს ბინადრობის უფლება თავისუფლად მისცეს, რადგან ის ევროპული ქვეყნის მოქალაქეა. ამ შემთხვევაში აშკარად იგრძნობა განსხვავებული მიდგომები. ასევე არიან მცირე მეწარმეები, რომლებსაც საქართველოში უძრავი ქონება აქვთ; ინდოეთის მოქალაქეები, რომლებიც ტრანსნაციონალურ კომპანიებში მუშაობენ და წლებია საქართველოში ცხოვრობენ, უეცრად კი საქართველოსთვის საშიშები აღმოჩნდნენ. ამით ქვეყნის იმიჯი ილახება და უცხოური ინვესტიციების შემოდინებაც შემცირდება", - აღნიშნავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი.

შეგახსენებთ, რომ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში აღნიშნული ცვლილება 2014 წლის 25 დეკემბრიდან ამოქმედდა. "საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზას გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი წესით. ამისათვის უცხოელი შესაბამისი განაცხადით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 45 დღისა", - საქართველოს ვიზის გაცემის ზოგადი პირობები: მესამე თავი, მუხლი 6. იმავე კანონის 72-ე მუხლში წერია, რომ: "უცხოელი, რომელიც 2014 წლის 17 მარტამდე შემოვიდა და ამ პუნქტის ამოქმედების დროისთვის იმყოფებოდა საქართველოში, უფლება აქვს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2015 წლის 1 მარტამდე, ამ კანონის მე-6 მუხლის 1 პრიმა პუნქტის შესაბამისად, საქართველოში წარადგინოს განაცხადი საიმიგრაციო ვიზის მისაღებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. უცხოელს, რომელიც აღნიშნულ შემთხვევაში მიიღებს საიმიგრაციო ვიზას, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან. საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან".

ლიკა საჯაია, "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" იურისტი: "ჩვენი ორგანიზაცია თავიდანვე ამბობდა, რომ ამგვარი რეგულაცია მიზანშეწონილი ვერ იქნებოდა. მთავრობას ელექტრონული ვიზების შემოღება შევთავაზეთ. რაზეც თავიდან უარი განაცხადეს. მთავრობას დაახლოებით რამდენიმე თვე დასჭირდა იმისთვის, რომ ამ ცვლილებების საჭიროებამდე მისულიყო. საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის აღება და გადავადება შეღავათიანი პერიოდით დაუშვეს, რომელიც თავიდან 1 მარტამდე იყო გადავადებული, თუმცა, ეს ვადა მიმდინარე წლის ივლისამდე გაახანგრძლივეს. პრინციპში, ნაბიჯ-ნაბიჯ ასწორებენ იმ შეცდომებს, რაც დაუშვეს. რამდენიმე თვის წინ პარლამენტში შევიტანეთ ინიციატივა, რომელიც კანონპროექტში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ეს ცვლილება ვიზა-ლიბერალიზაციასთან, ასოცირების შეთანხმებასთან წინაღმდეგობაში არ მოვა, ხოლო მეორე მხრივ, არ იქნება დაუსაბუთებელი რეგულირება და ბიუროკრატიული მექანიზმები, რომელიც საქართველოში შემომსვლელ უცხოელებს, უცხოური ინვესტიციების შემოსვლას ხელს შეუშლის."

სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება აღნიშნულ ინიციატივაზე მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

სალომე გოგოხია