კახა კალაძემ სოფელ მანავში ნავთობის საძიებო ჭაბურღილი "მანავი-13" დაათვალიერა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა, ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსმა გიორგი ტატიშვილმა და "ნინოწმინდის ნავთობკომპანიის" წარმომადგენელმა კლიფორდ აიზეკმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ მანავის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის საძიებო ჭაბურღილი "მანავი-13" დაათვალიერეს.

აღნიშნული ჭაბურღილი არსებულ ტერიტორიაზე ნავთობის პერსპექტიულობის განსასაზღვრად 4500 მეტრ სიღრმეზე იბურღება. ჭაბურღილის სავარაუდო ღირებულება 21 მლნ დოლარს აჭარბებს. ბურღვას ინვესტორის დაკვეთით კომპანიები - "გრეი ვულფი", "შლუმბერჟე" და "ჰალიბარტონი" შეასრულებენ.

"ნინოწმინდის ნავთობკომპანია" საქართველოში 1996 წლიდან მოქმედებს და მოიცავს საქართველოს ტერიტორიის XIE და XIF სალიცენზიო ბლოკებს. კომპანიის აქტივებს ბრიტანული და ჰოლანდიური ნავთობისა და გაზის კომპანიები "კანარგო ლიმიტედი" და "ემ.ენ.დი. ჯორჯია ბი.ვი" მართავს. სალიცენზიო ბლოკების საერთო ფართობი 108 კმ2-ია და საგარეჯოს მუნიციპალიტეტს მოიცავს. კომპანიამ 1996-2014 წლებში საქართველოში 211 800 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.