გიორგი კვირიკაშვილმა "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში დაფუძნებული საწარმო დაათვალიერა

ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში, "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფუძნებული ახალი საწარმო "იბერია სთილი" დაათვალიერა და საწარმოო პროცესებს გაეცნო.

მინისტრთან ერთად, შპს "იბერია სთილში" იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე.

"ძალიან სასიხარულოა, რომ ამ შენობებმა, რომლებიც გახლდათ გაჩერებული საწარმოს შენობები, ფაქტობრივად, გამოუსადეგარ მდგომარეობაში იყო, დღეს ახალი სუნთქვა, მეორე სიცოცხლე შეიძინეს. დღეს გაქვს უკვე საწარმო, სადაც ასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ეს კომპანია უშვებს კონკურენტუნარიან ნაწარმს, რომელიც ადგილობრივადაც იყიდება და ექსპორტზეც აპირებენ გატანას ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რაც ძალიან სასიხარულოა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩარხებისა და მანქანა-დანადგარების უმეტესობა, რომლითაც კომპანია მუშაობს, ადგილობრივად მზადდება, ანუ ამ პროგრამამ ბიძგი მისცა არამარტო თავად "იბერია სთილის", არამედ სხვა კომპანიების მუშაობის დაწყებასაც. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან კარგი საქმეა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რუსთავში მომზადების ფაზაშია კიდევ რამდენიმე ახალი პროექტი. ძალიან კარგია, რომ თავად რაიონის ხელმძღვანელობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ამას. დღეს ჩვენთან ერთად არიან გუბერნატორი, ქალაქის მერი, ასევე მაჟორიტარი დეპუტატი, ზვიად ძიძიგური, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ ხელშეწყობის პროცესში, რამაც, მთლიანობაში, ძალიან კარგი შედეგი გამოიღო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად ზიძიგურის განცხადებით "იბერია სთილის" დამფუძნებლებმა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში "თიბისი" ბანკიდან მიიღეს 0%-იანი სესხი, რომლის პროცენტს სახელმწიფო ფარავს. "ამ პროექტის შედეგია, ის რომ დასაქმდა ასზე მეტი ადამიანი და დაიწყო ლითონის ისეთი სამშენებლო მასალის წარმოება, რომლის წარმოებაც დღემდე საქართველოში ხდებოდა",-აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

რუსთავის მერის, დავით ჯიქიას განცხადებით, "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში რუსთავში უკვე რიგით მეექვსე საწარმო ამუშავდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.

ქარხანა სრული დატვირთვით 2015 წლის ნოემბრიდან ამუშავდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზება მოხდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ,,იბერია სთილში" 160 ადამიანი იქნება დასაქმებული.

"აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და ფიზიკური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის კომპონენტით უკვე სარგებლობს 64 ბენეფიციარი და დაწყებულია შესაბამისი პროექტების განხორციელება. პროექტების ჯამური მოსალოდნელი ინვესტიცია დაახლოებით 111, 900, 000 აშშ დოლარია.