მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ მუხროვანში 4 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია დაასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანში 4 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია დაასრულა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, რეაბილიტირებული გზა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა. როგორც ფონდში აცხადებენ, მუხროვანში შიდა გზებს რეაბილიტაცია 1990 წლის შემდეგ არ ჩატარებია, რის გამოც აღნიშნული გზა სრულად იყო ამორტიზებული. უგზოობის გამო მოსახლეობას გადაადგილება ძალიან უჭირდა. კერძოდ, რეაბილიტაციის დაწყებამდე აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტ-ბეტონის საფარი პრაქტიკულად აღარ არსებობდა.

პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა. სამუშაოების ღირებულებამ 625 215 ლარი შეადგინა. ადგილზე 30-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, მათგან უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრები.