"მულტიკლიმატიზატორის" პროექტზე საქპატენტი წინასწარ ძიებას უფასოდ ჩაატარებს

მოწყობილობა ფერმერებს მოსავლის გადარჩენაში უნდა დაეხმაროს

"მულტიკლიმატიზატორის" გამოგონების ავტორებს, მე-10 კლასის მოსწავლეებს ახალციხიდან, ირაკლი კაპანაძეს და კარლო ხუციშვილს, ხვალ, "საქპატენტის" თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე შეხვდება. "საქპატენტის” ინფორმაციით, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები, ხვალ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" ექსპერტებს თავის გამოგონებას "მულტიკლიმატიზატორს" წარუდგენენ. მე-10 კლასის მოსწავლეების, ირაკლი კაპანაძის და კარლო ხუციშვილის მოწყობილობას, წინასწარ ძიებას "საქპატენტი" უფასოდ ჩაუტარებს, რის საფუძველზე შეფასდება გამოგონების სიახლე.

ახალციხელი მოსწავლეები "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" მიერ ორგანიზებული კონკურსის გამარჯვებულნი გახდნენ და 9-10 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში, NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში ყოველწლიური ინოვაციების სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.

"მულტიკლიმატიზატორის" შექმნის იდეა მოსწავლეებს, კახეთში მოსული სეტყვის შემდეგ გაუჩნდათ. მოწყობილობა ფერმერებს მოსავლის გადარჩენაში უნდა დაეხმაროს.