ოთარ დანელია: დარგში ინვესტიციები აუცილებლად გაიზრდება

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, დარგში ინვესტიციები აუცილებლად გაიზრდება.

ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" განუცხადა, სადაც სოფლის მეურნეობის მინისტრი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შეხვედრას მართავს. როგორც დანელიამ შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ურთიერთთანამშრომლობის ახალ ფაზაზე გადადის.

"ჩვენ, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად ახალ ფაზაზე გადავდივართ ურთიერთთანამშრომლობიდან, უფრო პროაქტიურ ფაზაზე, სადაც ჩვენ თვითონ ვართ მომზადებულები ისე, როგორც არასდროს იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც დგას, როგორც გამოწვევა დარგის წინაშე. ჩვენ ასევე სპეციალურად მათთვის ინგლისურ ენაზე მოვამზადეთ გასული 2014 წლის პერიოდის ანგარიში, სადაც წარმოდგენილია ყველა ის მიღწევა და მიმართულება, სადაც მათი უშუალო კონტრიბუცია არის დიდი წილი. შესაბამისად, ჩვენ გვექნება დღეს ზედმიწევნითი პრეზენტაცია იმის შესახებ, თუ რა მიღწევები გვქონდა 2014-ში, რა გეგმები გვაქვს 2015-2020 წლების მანძილზე და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რა დახმარება დაგვჭირდება დონორებისგან, ვინაიდან ეს იქნება ძალიან ცხადი, ძალიან პროაქტიური და ძალიან კონკრეტული", - განაცხადა დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ინვესტიციები აუცილებლად გაიზრდება."ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე ათეული მილიონის დაინტერესება დარგში ინვესტირების თვალსაზრისით, როგორც ქართული, ასევე არაქართული. ძირითადი ორიენტირი, რა თქმა უნდა, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე გვაქვს ჩვენ მაქსიმალურად აქცენტი გამახვილებული, თუმცა ბუნებრივია, ჩვენ ძალიან წავახალისებთ ადგილობრივ რეინვესტირებას", - განაცხადა დანელიამ.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ევროკომისიის სოფლის მეურნეობის ატაშემ ხუან ეჩანოვემ, რომელმაც აღნიშნა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, სოფლის მეურნეობის სექტორმა განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება უკეთესობისკენ, გაიზარდა დაფინანსება. "განსაკუთრებით ეს გამოიხატა ექსპორტის ზრდაში, წარმოებული პროდუქციის მოცულობის ზრდაში და ჩვენთვის, დონორი ორგანიზაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა სტრატეგია, რომლის განხორციელებაშიც მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ და მივესალმებით მსგავს ინიციატივებს, როდესაც სამინისტროს აქვს ხედვა, თუ რა მიმართულებით, როგორ უნდა გააკეთოს კოორდინაცია დონორებთან იმისთვის, რომ თანხა, რომელიც გამოყოფილია დონორების მიერ, დარგის ეფექტურ განვითარებას მოხმარდეს", - განაცხადა ევროკომისიის სოფლის მეურნეობის ატაშემ ხუან ეჩანოვემ.