საქართველოში მაღალტექნოლოგიური საავიაციო ქარხნის მშენებლობა დაიწყება

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამ თვეში საქართველოში მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე საავიაციო ქარხნის მშენებლობა დაიწყება.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ებრაული კომპანია "ელ ბიტისა" და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საავიაციო ქარხნის მშენებლობა თბილისში, აეროპორტთან ახლოს იგეგმება. საუბარია 85 მილიონიან პროექტზე, რომელსაც საპარტნიორო ფონდი ებრაულ კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს მაღალტექნოლოგიური საწარმოს შექმნას. საწარმოში კომპოზიტური მასალებისაგან დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილები. ქარხანა აწარმოებს ბოინგის, ბომბარდირის, სუხოის და თითქმის ყველა ტიპის თვითმფრინავის დეტალებს.

,,მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ყველა დეტალი შეთანხმებულია. გვქონდა შეხვედრა, სადაც უკვე საპარტნიორო მოდელზე შევთანხმდით. ეს იქნება სრულიად ახალი საავიაციო წარმოება, რომელიც აწარმოებს წამყვანი საავიაციო კომპანიების თვითმფრინავების ნაწილებს. საუბარია ბოინგის, ბომბარდირის, სუხოის და ა.შ. თითქმის ყველა ტიპის თვითმფრინავების დეტალების წარმოებაზე. საქართველოში თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობა 3 თვეში დაიწყება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის მაღალტექნოლოგიური სფეროს განვითარებისთვის. პროექტის განხორციელებას სახელმწიფო საპარტნიორო ფონდთან და ებრაულ კომპანია "ელ ბიტთან" ერთად იწყებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Elbit Systems ltd. მსოფლიოში წამყვან თავდაცვითი და უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელ კომპანიას წარმოადგენს, რომლის ჯგუფში შემავალი საწარმოები როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო საავიაციო ნაწილებს და სხვადასხვა მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს აწარმოებენ.