საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ კოტ დ'იუვარის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ კოტ დ'იუვარის ინვესტიციების წახალისების ცენტრის დელეგაციას უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო ავრცელებს. "კოტ დ'იუვარის სახელმწიფო ბოლო წლებში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით მთელ რიგ რეფორმებს ატარებს და დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანია უკეთ გაეცნონ საქართველოს წარმატების ისტორიას, არსებულ საინვესტიციო გარემოს და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ დელეგაციას გააცნო ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა და ინვესტიციების მიმზიდველობის ასამაღლებლად დანერგილი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკები", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე გამართავს შეხვედრებს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებთან, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროსთან, თბილისის იუსტიციის სახლის წარმომადგენლებთან, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და სხვა საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

კოტ დ'იუვარის ინვესტიციების წახალისების ცენტრის დელეგაცია საქართველოში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი) ორგანიზებით არის ჩამოსული და მათი ვიზიტი 3 აპრილს დასრულდება.