ონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება დაიწყო

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორი პარმენ მარგველიძე ონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას" ქალაქ ონის და ონის მუნიციპალიტეტის სოფლების: ხურუთის, ლაჩთას, შეუბანის, ღარის და ნიგვზნარას სრული გაზიფიცირების მიზნით "სორი-ონის" 12 კმ-იანი გაზსადენისა და შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა დაევალა. ჯამში 67 კილომეტრის სიგრძის გაზსადენი აშენდება.

ამ ეტაპზე იწყება "სორი-ონის" 12 კილომეტრი მკვებავი გაზსადენის სამშენებლო სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს ქალაქ ონის და მისი მიმდებარე სოფლების (ხურუთის, ლაჩთას, შეუბანის, ღარის და ნიგვზნარას) გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. განხორცილებული სამუშოების შედეგად ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 2 366 ოჯახს მიეცემა.

ქალაქ ონისა და მისი მიმდებარე სოფლების სრული გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება 2015 წლის ოქტომბერისთვის იგეგმება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2015 წელს 14 მუნიციპალიტეტის 75 სოფლის გაზიფიცირების მიზნით ბიუჯეტიდან გამოიყო 20 მლნ ლარი. სოფლად მცხოვრები ათასობით ოჯახის გაზიფიცირების სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება.