პრემიერის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარება რეგიონში ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპს არ ჩამოუვარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკალი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარება რეგიონში არსებული ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპს არ ჩამოუვარდება, - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპზე საგარეო ფაქტორები ახდენს გავლენას.  "საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპზე, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს საგარეო ფაქტორები, მათ შორის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში. ნორმალურია, თუ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა რეგიონის და საპარტნიორო სივრცის ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპს არ ჩამოუვარდება. აქვე გეტყვით, რომ 2013 წლის პერიოდში და მანამდეც საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი პოსტსაბჭოთა სივრცის და რეგიონის უდაბლეს და საშუალო მაჩვენებლებს შორის მოძრაობდა. 2004 და 2012 წლებში საშუალოდ საქართველოს ეკონომიკური ზრდა იყო 6,1 პროცენტი და მას უსწრებდნენ ჩვენი მეზობელი ქვეყნები - აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი. საინტერესოა მაგალითად იმ მონაცემების მოყვანა, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა პირველად 2003 წელს - ეს იყო 11,1 პროცენტი, ხოლო ბოლოს 2007 წელს - 12,3 პროცენტი, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ დროს ჩვენ არ ვყოფილვართ ლიდერები რეგიონში - 2007 წელს ჩვენი მეზობლის სომხეთის ეკონომიკა გაიზარდა 14 პროცენტით. აღარ ვსაუბრობ აზერბაიჯანზე, რომელიც ორჯერ გვისწრებდა წინ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, საქართველო გამოკვეთილ პოზიციაზეა ევროპასა და რეგიონში ინვესტიციების კუთხით. "ამ მიმართულებით ჩვენ გასულ წელს გვქონდა მნიშვნელოვანი - 39 პროცენტიანი ზრდა და თუ ამას შევადარებთ წინა წლების მონაცემებს, 2007 წლის შემდეგ, ეს იყო რეკორდული მაჩვენებელი. 2007 წელს ინვესტიციების მოცულობა იყო დაახლოებით 2 მილიარდი, გასულ წელს კი - 1,1 მილიარდ 270 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და ოპტიმისტურ სურათზე მიგვითითებს", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.