ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს მოუწოდა, თავიანთი უწყებების ბიუჯეტის ხარჯვა გაააქტიურონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრებს თავიანთი უწყებების ბიუჯეტის ხარჯვის გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს შესაბამისი დავალება დღევანდელ სხდომაზე მისცა. "მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ბატონი შავლიაშვილის მუშაობა და მისი ეფექტიანობა - თქვენი სამინისტროს ბიუჯეტის შესრულება შეადგენს 107 პროცენტს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მსგავსი შესრულება თქვენ უწყებას გასულ წლებში არ ჰქონია. ასე რომ, გილოცავთ. სხვა სამინისტროებსაც კარგი შეფასებები გაქვთ - ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, მაგრამ არის სამინისტროები, რომლებსაც ბოლომდე არ გაქვთ ათვისებული ბიუჯეტი. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ გაააქტიუროთ ხარჯვა. თუმცა პროგრესი სახეზეა", - მიმართა პრემიერმა მინისტრებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ინფორმაციაც წარმოადგინა და აღნიშნა, რომ პირველ კვარტალში ბიუჯეტი პროფიციტულია.  "სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 106 მილიონი ლარით გადააჭარბა და 2 305 მილიონი ლარი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის გეგმის 104,8 პროცენტია. 81 მილიონი ლარითაა გადაჭარბებული ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, რაც პირველი კვარტლის გეგმის 104,4 პროცენტს შეადგენს. საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებულია 48 მილიონი ლარით, რამაც შეადგინა პირველი კვარტლის გეგმის 102, 7 პროცენტი. ხარჯვით ნაწილში გვაქვს 97 პროცენტიანი შესრულება. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ბიუჯეტიდან კაპიტალურ პროექტებზე გაწეული ხარჯები კი განისაზღვრა 174 მილიონი ლარით, რაც პირველი კვარტლის გეგმის 108,6 პროცენტია. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ნათშს, მან 643 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილზე 172 მილიონი ლარით მეტია. ასე რომ, პირველ კვარტალში ბიუჯეტი არის პროფიციტული", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.